ბექა ოდიშარია - პოდოლიაკი და ძმანი მისნი ძალიან დიდი ხანია, მტრობენ საქართველოს, მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ
ბექა ოდიშარია - პოდოლიაკი და ძმანი მისნი ძალიან დიდი ხანია, მტრობენ საქართველოს, მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ

პოდოლიაკი და ძმანი მისნი ძალიან დიდი ხანია, მტრობენ საქართველოს. მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ. ეს ის ხალხია, რომელთათვისაც მარჩენალი დედაა ომი, განსხვავებით უკრაინელი ხალხისა, რომელიც გაუბედურებულ დღეშია, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„უკრაინაში ყოველი მესამე ადამიანი ლტოლვილია, 10 მილიონობით ადამიანი საზღვარგარეთ იმყოფება, შიგნით არის გადაადგილებული 12-13 მილიონი, დაღუპულია 300 000 და ამ დროს პოდოლიაკი იცლის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა, რომ ეს ადამიანები არიან მტრები საკუთარი ქვეყნისაც და ჩვენი ქვეყნისაც. შესაბამისად, ვირისგან წიხლი და მტრისგან ღალატი არავის უკვირს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მეგობარი ქვეყანა არის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ცალმხრივ რეჟიმში აგრძელებს საქართველო პარტნიორობას და მეგობრობას.

„პოდოლიაკი და მისი „პადძელნიკები“, სხვანაირად ვერ დავარქმევ ამას, ჩემი აზრით, ტყუვდებიან ომის პროცესებზე, რაც არაერთხელ აღინიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და სხვათა შორის, ეჭვი მაქვს, თავდაცვის მინისტრი გადაჰყვა ამ ამბავს. ამ ჯგუფს, რომელიც ძალიან კომფორტულად არის, დიდი ხანია, ახერხებს, საკუთარ მართლა მეგობრულ ქვეყანას, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, საერთაშორისო პლატფორმაზე რეზოლუციებთან მიერთების სახით გააკეთა ყველაფერი, მხოლოდ ერთი რამ სურს, საქართველომ გახსნას ფრონტი და რამენაირად რუსული არმიის 50-60 ათასიანი კონტინგენტი თავისკენ მიიზიდოს, რითაც დისკომფორტს შეუქმნის რუსეთს. თუმცა რა მოუვა და რა კატასტროფა დაემართება საქართველოს, პოდოლიაკს საერთოდ არ აღელვებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.