ბექა ოდიშარია -  მოხარული ვიქნები, თუ ქართული დიასპორა ადგილობრივ არჩევნებშიც ჩაერთვება, ამის საშუალებას ყველა დაინტერესებულ დიასპორელს მივცემთ
ბექა ოდიშარია - მოხარული ვიქნები, თუ ქართული დიასპორა ადგილობრივ არჩევნებშიც ჩაერთვება, ამის საშუალებას ყველა დაინტერესებულ დიასპორელს მივცემთ

პრეზიდენტის ინიციატივა მისასალმებელია, რადგან არა მხოლოდ პოლიტიკაში, ეკონომიკურ აქტივობაზე ჩვენ ძალიან აქტიურ, ნოყიერ ნიადაგს ვუქმნით დიასპორას, რათა მოხდეს მათ მიერ ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების აქტივობა პატრიოტული ინიციატივა იქნება.

„მით უმეტეს, როცა დროსა და სივრცეში გაჩერებულია პრაქტიკულად სამყარო და მათ შორის ეკონომიკური პროცესები, ვფიქრობ, ნებისმიერი ინვესტიცია, ნებისმიერი მათი აქტივობა იქნება პატრიოტული ინიციატივა და ინვესტიცია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამასთან, როგორც ბექა ოდიშარია აცხადებს, მოხარული იქნება, თუ ყველა დაინტერესებული დიასპორელი არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში, არამედ ადგილობრივ არჩევნებშიც ჩაერთვება.

„რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართულობას, თავისთავად ცხადია, მათი ცოდნა და გამოცდილება, მათი და მათი შვილების, არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი და საძირკველი. შესაბამისად, არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში, მოხარული ვიქნები, თუ ადგილობრივ არჩევნებშიც ჩაერთვებიან, ბუნებრივია, ჩვენ ამის საშუალებას ყველა დაინტერესებულ დიასპორელს მივცემთ, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივიდან გამომდინარე, არამედ ვფიქრობ, ჩვენი მმართველი გუნდის მიერ იქნება ეს გაზიარებული. შესაბამისად, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს ადამიანები დაინტერესდებიან, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის სვე-ბედის გადაწყვეტაში“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის მონაწილეებს მიმართა, რომ დიასპორის წევრებს უფლება უნდა მიანიჭონ, უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში.

ზურაბიშვილმა ქართულ საზოგადოებას ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს თავისი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება, გარკვეული ფორმით წარმომადგენლობა.

დატოვე კომენტარი