ბექა ოდიშარია - მეხუთე კოლონა, ევროპარლამენტართა ნაწილი ცდილობდნენ, სტატუსი არ მიგვეღო, ერთხელ ამას მიაღწიეს, მეორედ ნამდვილმა პარტნიორებმა გააანალიზეს და სტატუსი მოგვანიჭეს, ახლაც ასე იქნება
ბექა ოდიშარია - მეხუთე კოლონა, ევროპარლამენტართა ნაწილი ცდილობდნენ, სტატუსი არ მიგვეღო, ერთხელ ამას მიაღწიეს, მეორედ ნამდვილმა პარტნიორებმა გააანალიზეს და სტატუსი მოგვანიჭეს, ახლაც ასე იქნება

მეხუთე კოლონა და ევროპარლამენტარების ნაწილი გააფთრებით ცდილობდნენ, კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ერთხელ ამას მიაღწიეს, მეორედ ნამდვილმა პარტნიორებმა გააანალიზეს და სტატუსი მოგვანიჭეს, ახლაც ასე იქნება, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარია გამოეხმაურა ევროპარლამენტის 31 დეპუტატის წერილს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი. ევროპარლამენტარები ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ ევროპარლამენტი მიდრეკილია გარკვეული საკითხების ლობირებისადმი, მათ შორის ზოგიერთი ღია დაფინანსებით, ზოგი კი „შავი ფულის“ პირობებში. არ მგონია, რომ ეს ადამიანები იყვნენ საქართველოს მეგობრები, როგორც ამას დეკლარირებდნენ. ისინი სააკაშვილის მეგობრები არიან. როდესაც ამბობენ, რომ რაღაცას ვაზიანებთ, ისეთივე გულწრფელები არიან, როგორი გულწრფელებიც იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვეპოვებინა.

როგორც სხდომათა დარბაზში მსხდომი ჩვენი მეხუთე კოლონა, ისე ევროპარლამენტარების ერთი ნაწილი გააფთრებით ცდილობდა და იღვწოდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ერთხელ ამას მიაღწიეს და მეორედ უკვე მსოფლიო საზოგადოებამ, ჩვენმა ნამდვილმა პარტნიორებმა გააანალიზეს და სამართლიანი გადაწყვეტილებით მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ახლაც ასე იქნება. მინდა, ქართული საზოგადოება დავამშვიდო. ყველაფერი დაცხრება, ეს ადამიანები ბოლომდე გაიშიფრებიან, ბოლომდე გაიშიფრებიან მილიონერი „ენჯეოები“ თავიანთი გარე დამფინანსებლებით –  ეს იქნება „კანვასი“ თუ „აკერმანი“ და სხვები, ვინც აფინანსებენ პოლარიზაციას, ექსტრემიზმს, ტერორიზმს, ჩვენი პარტნიორები კვლავ დაუბრუნდებიან სტატუსკვოს, როდესაც მეთოდურად, მშვიდად მივდიოდით ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.