ბექა ოდიშარია - ლატვიის ელჩს მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების არსი, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა აქტორებიც შემოუერთდებიან
ლატვიის ელჩს მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების არსი, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა აქტორებიც შემოუერთდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი.
ელჩი მიესალმა მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, ხაზგასმით გამოთქვა კმაყოფილება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მიულოცა პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს მალე სხვა პოლიტიკური აქტორებიც შემოუერთდებიან“, – აღნიშნავს ბექა ოდიშარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.
კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.