ბექა ოდიშარია - კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული რეისი არის პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს
ბექა ოდიშარია - კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული რეისი არის პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს

კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული რეისი არის არა სახელმწიფო ხარჯებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ცხრა წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფოს, ქართველი ხალხის სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლობისთვის, ოჯახის სარგებლისთვის. ყველას კარგად გვახსოვს ვიზაჟისტების, მასაჟისტების მიმოფრენა აქეთ-იქით საკუთარი სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ათასი გაუგებარი საჩუქარი სხვადასხვა ქალბატონისთვის, იყო ეს სამაჯურები, საათები, ტელეფონები თუ ა.შ. კომერციული მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხის, სახელმწიფო ხარჯებით, არამედ პირადი ხარჯებით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. აღნიშნული ბორტი იმყოფება ისეთი კომპანიის ბალანსზე, რომელსაც საკუთარი წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით აქვს აბსოლუტური უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერი თქვენგანი, თუ გექნებათ და ღმერთმა მოგცეთ საშუალება, მიაქირაოს ეს ბორტი და მოემსახუროს მას. ამაში დანაშაულის შემცველი არაფერი გახლავთ.

ოპოზიცია ახლა ცდილობს ცხრა წლის განმავლობაში დატოვებული ბინძური კვალის გადაფარვას. საკუთარი ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების გადაფარვა არ მოხერხდება. არც „ტვ პირველის“ სიუჟეტით მოხდება და არც ბინძური მოლაპარაკე თავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიქცა აბსოლუტურად დადგენილი წესით, იმ შესაძლებლობის გამოყენება მოახერხა, რაც არის აბსოლუტურად შეთავსებადი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება ამ საკითხზე, ოდიშარია აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაულს არ წარმოადგენს.

„რა პროკურატურამ უნდა დაიწყოს, აბსოლუტურად არ არის დანაშაულის შემცველი. პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე ხომ არ არის, კარის პროკურორების ამბავი დასრულებულია. თუ პროკურატურა დაინახავს ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ განხორციელებულ აქტივობაში დანაშაულის ნიშანს, თავისთავად, რა თქმა უნდა, იმოქმედებს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას „ლელოს“ განცხადებაზეც ჰკითხეს, რომელიც პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს.

„მანამდე გვერდები არ აუდგეს არც ერთ მათგანს, იმპიჩმენტი ვერ მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის. როდესაც ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე და იმოქმედა კანონმდებლობის მიხედვით, გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ის კომპანია, რომლის ბალანსზეც არის ეს ბორტი, ახლა „ლელოს“ რა დაესიზმრება თუ სხვა პარტიას, ჩვენ ამის მიხედვით ნამდვილად ვერ ვიმოქმედებთ, ვერ მივიღებთ სერიოზულად ამას მხედველობაში“,- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.