ბექა ოდიშარია - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილება, კონსტიტუციის დაცვა უმაღლესი თანამდებობის პირთა განსაკუთრებული მოვალეობაა
ბექა ოდიშარია - იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილება, კონსტიტუციის დაცვა უმაღლესი თანამდებობის პირთა განსაკუთრებული მოვალეობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კარგი არ არის, თუმცა ესაა „ქართული ოცნების“ სამართლებრივი გადაწყვეტილება.

ოდიშარიას თქმით, კონსტიტუციაში მკაფიოდაა გაწერილი უფლებამოსილებები და „ქართული ოცნება“ ამის მიხედვით მოქმედებს.

„ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენ მიერ ძალიან აქტიურად იყო მხარდაჭერილი, წამოწყებული იქნას ასეთი პროცედურები, ეს არის არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გადაწყვეტილება, რადგან სხვაგვარად არ შეიძლება. კონსტიტუციაში მკაფიოდ გაიწერა უფლებამოსილებები, რადგან გახსოვთ მაგალითად, გარკვეული უთანხმოებები პრემიერ კვირიკაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის, სხვა პრეზიდენტებსა და პრემიერებს შორის, ვინ უნდა წასულიყო, რა მოლაპარაკებები ეწარმოებინა, ან რა ფორუმებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ვფიქრობ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როცა ის მუშაობს „ქართული ოცნების“ უმრავლესობით პარლამენტში, და ძალიან აქტიურად მუშაობს, შექმნილი იყო უამრავი სამუშაო ჯგუფი მიმართულებების მიხედვით, მუშაობენ მინისტრები, სამინისტროები აქტიურად და როდესაც შენ მთავრობა, ამ შემთხვევაში გეუბნება, რომ მე მადროვე, ჩემი ხელწერა მივიყვანო ბოლომდე, ვფიქრობ, ეს არ იყო კარგი. რა თქმა უნდა, ზოგადად კარგი არ არის, მაგრამ ამაში „ქართული ოცნების“ დანაშაული აბსოლუტურად ნოლია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

რაც შეეხება საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, ბექა ოდიშარიას განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართვა იგივე პათოსით იყო განმსჭვალული, რაც არ გაკვირვებია.

„გუშინ მისმა ძმამ ბრძანა, რომ ის საკმაოდ ჯიუტი პოლიტიკოსია, ეს ვიცოდით კიდეც მის არჩევამდე და მხარდაჭერამდე. ჩვენ ვართ სამართლებრივი ქვეყანა, გვაქვს კონსტიტუცია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია და უმაღლესი თანამდებობის პირების, პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის წევრების, მინისტრების და სხვა პასუხისმგებლობის მქონე პირების განსაკუთრებული მოვალეობაა, რომ დაიცვან კონსტიტუცია“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით  განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტების შემდეგ, 7 სექტემბერს გააკეთა პირველი განცხადება. ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. „მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.