ბექა ოდიშარია - ევროპულ ქვეყნებში უცხოელების მიერ ბინადრობის მიღებისთვის შეძენილი ქონების ღირებულება საქართველოში დადგენილ ოდენობას მრავალჯერ აღემატება  
ბექა ოდიშარია - ევროპულ ქვეყნებში უცხოელების მიერ ბინადრობის მიღებისთვის შეძენილი ქონების ღირებულება საქართველოში დადგენილ ოდენობას მრავალჯერ აღემატება  

ევროპულ ქვეყნებში უცხოელების მიერ ბინადრობის მიღებისთვის შეძენილი ქონების ღირებულება თუ ინვესტიციის ოდენობა საქართველოში დადგენილ ოდენობას მრავალჯერ აღემატება, – ამის უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამა თუ იმ ქვეყანაში კერძო საკუთრებისა თუ ბიზნესის წარმოების სანაცვლოდ, დროებითი ბინადრობის უფლების მინიჭება აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა.

„განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის, მაგალითად ბალტიისპირეთში, ბინადრობის მიღებისთვის შეძენილი ქონების ღირებულება, თუ ინვესტიციის ოდენობა მრავალჯერ აღემატება ჩვენს ქვეყანაში ამჟამად დადგენილ ოდენობას. პარლამენტის წევრობამდე და ახლაც, მრავალი წელია ვასრულებ ლატვიის საპატიო კონსულის მოვალეობას და ამიტომ, კარგად ვიცი ჩვენი ქვეყნის ტიპის, პატარა ევროპული სახელმწიფოების მიდგომებს, რომელნიც  გარკვეული ფილტრაციისა და პრევენციის მექანიზმებს უზრუნველყოფენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

როგორც მან აღნიშნა, 4-5 წლის განმავლობაში საქართველოს მიმზიდველობა უცხოელთა თვალში არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. შესაბამისად, მისი შეფასებით, თბილისის მერი კალაძის მიერ დღეს გაკეთებული აქცენტები სრულიად შესატყვისი და დროულია.

„მივესალმები, რომ ამ ინიციატივას პარლამენტში, თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ, სწორედ ის დეპუტატები დააინიცირებენ, ვგულისხმობ, ილია წულაიასა და გოჩა ენუქიძეს, რომელთაც კარგად ესმით,  რას ნიშნავს უცხოური ინვესტიცია და გამჭვირვალე ბიზნეს საქმიანობა ქვეყანაში, განსხვავებით ისეთი ეკონომიკური აქტივობისგან, რომელიც ერთჯერადად, მიზერული თანხის საფასურად საქართველოში მავანთა მხრიდან, პრაქტიკულად თავშესაფრის გაჩენას წარმოადგენს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

თბილისის მერი კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ახალი რეგულაციები დროულად დამტკიცდეს. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ილია წულაია არიან.