ბექა ოდიშარია - 12 რეკომენდაციის ჩარჩოებში არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრას ორმხრივი ჩართულობა სჭირდება, საჭიროა გარკვეული მედიაცია, რაშიც ალბათ ევროკავშირის ელჩი დაგვეხმარება
ბექა ოდიშარია - 12 რეკომენდაციის ჩარჩოებში არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრას ორმხრივი ჩართულობა სჭირდება, საჭიროა გარკვეული მედიაცია, რაშიც ალბათ ევროკავშირის ელჩი დაგვეხმარება

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე გამოვყავით პრობლემური მიმართულებები, ვფიქრობთ, აქტიურად ვიმუშაოთ კონკრეტული წინააღმდეგობების დასაძლევად, რაც ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულებას, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის ჩარჩოებში არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრას ორმხრივი ჩართულობა სჭირდება.

„ელჩი, პრაქტიკულად, ძალიან მოკლე დროში დაეუფლა საქართველოში მდგომარეობას, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. დეტალურად ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, სადაც გვაქვს პრობლემები, ეს იცის ელჩმაც. შესაბამისად, ვისაუბრეთ და გამოვყავით პრობლემური მიმართულებები. ვფიქრობთ, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ხელშეწყობითაც დავძლიოთ ის კონკრეტული წინააღმდეგობები, რაც ხელს უშლის 12 რეკომენდაციის შესრულებას. 12 რეკომენდაციის ჩარჩოებში არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრას სჭირდება ორმხრივი ჩართულობა.

ოპოზიცია ვიდრე იმ პროცესების საბოტაჟს აწყობს, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ ღიაა და შექმნილია ცხრა სამუშაო ჯგუფი, ოპოზიციის მხრიდან ხდება ხელოვნური დისკრედიტაცია, მათი გადმოსახედიდან, თემების გადალახვა შეიძლება, კიდეც გართულდეს. ამიტომ საჭიროა გარკვეული მედიაცია, რაშიც ალბათ დაგვეხმარება ევროკავშირის ახალი ელჩი. ვფიქრობ, როგორც ადრე, რადიკალური ოპოზიცია შეისმენს ევროპელების ხმას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნამ რა რეკომენდაციებიც მიიღო, ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავწყვიტოთ და არა პოზიციის ან ოპოზიციის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრებს მართავს. პაველ ჰერჩინსკი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას შეხვდა. მანამდე დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეეებთან.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა იყო ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტული საკითხები.