ბექა ოდიშარია - დიასპორასთან ურთიერთობისას საჭიროა, გავითვალისწინოთ ამ კუთხით მდიდარი პრაქტიკის მქონე მოწინავე ქვეყნების გამოცდილება
ბექა ოდიშარია - დიასპორასთან ურთიერთობისას საჭიროა, გავითვალისწინოთ ამ კუთხით მდიდარი პრაქტიკის მქონე მოწინავე ქვეყნების გამოცდილება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საერთაშორისო ორგანიზაციის, „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) წარმომადგენლებს, ქეთევან გორგოშიძეს და თამარ წერეთელს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დიასპორასთან ურთიერთობისა და მიგრაციის საკითხებზე, ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგში დადგა თანამედროვე დიასპორული და მიგრაციული ტენდენციების აქტიური კვლევისა და რეკომენდაციების შემუშავების საჭიროება თემატური მოკვლევის ფორმატით.

„კვლევაში მნიშვნელოვანი იქნება ICMPD-ის ჩართულობა, ვინაიდან ამ კუთხით მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში მიგრაცია თავისთავად აღარ განიხილება, როგორც ცალსახად მხოლოდ ნეგატიური მოვლენა. დიასპორასთან ურთიერთობისას საჭიროა, გავითვალისწინოთ ამ კუთხით მდიდარი პრაქტიკის მქონე მოწინავე ქვეყნების გამოცდილება. მიგრაციული გამოწვევების ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ ცირკულარული შრომითი მიგრაცია და სახელმწიფოს მხრიდან მისი ხელშეწყობა, სწორი დიასპორული პოლიტიკის შემუშავება, როგორიცაა „ირლანდიური მოდელი“, უცხოეთში წარმატებული ქართველების იდენტიფიცირება და მათი პოტენციალის ინვესტირება საქართველოში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ (ICMPD) წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან, აქტიურად ითანამშრომლონ კომიტეტთან კვლევის ჩატარებაში. ამასთან, ბექა ოდიშარიას გააცნეს დიასპორული პროექტები, რომლებზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.