ბექა ოდიშარია - დღეს „ქართული ოცნება“ არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევებთან გასამკლავებლად
ბექა ოდიშარია - დღეს „ქართული ოცნება“ არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევებთან გასამკლავებლად

წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს მის კაბინეტთან ერთად, როგორც ამ მოწვევის, ისე 2024-2028 წლების განმავლობაში. მადლობა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენისათვის. დღეს „ქართული ოცნება“ არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევების გასამკლავებლად, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა და ასევე მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის პრემიერობის დროს საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა და მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„უკანასკნელ ხანს ოპოზიციამ განსაკუთრებულად დიასპორა ამოიღო მიზანში. არა მასზე ზრუნვის გამო. ეს ხალხი დიასპორისადმი მიძღვნილ დღეზეც არ მინახავს ბოლო 6 წლის განმავლობაში. მათ აქვთ რევანშის სურვილი და ძალაუფლებაში დაბრუნების დაუდგრომელი ჟინი და ამ მიზნის მისაღწევად სურთ ჩვენი გულანთებული პატრიოტი დიასპორელების გამოყენება.

გაძლევთ პირობას, რომ არ დავუშვებთ დიასპორის მიმართ მომხმარებლურ დამოკიდებულებას. სამაგიეროდ, გავაკეთებთ ყველაფერს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში – ახალ რედაქციაში, რომელიც სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის შედგენილი – მე-5 მუხლში არსებული ჩანაწერის შესაბამისად, რომელიც გვავალდებულებს ვიზრუნოთ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, ვიზრუნოთ სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ასევე, არ დავუშვებთ არც მათი და არც საქართველოს მოსახლეობის ხელოვნურად შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში მოქმედებდა სავიზო რეჟიმი, რაც თავისთავად იწვევდა ქვეყნის დატოვების სირთულეს.

„მიუხედავად ამისა, 2003-2023 წლებში ქვეყნიდან გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3 სწორედ მათი მმართველობის პერიოდზე მოდის“, – განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ადამიანები ქვეყნიდან გაურბოდნენ რეჟიმის შიშს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობაა.

„მე მესმის იმ ადამიანების, ვინც გაექცა იმ რეჟიმს, სიდუხჭირეს, მეტწილად კი, მომავლის შიშს, ციხეში უსამართლოდ მოხვედრის შიშს და შიშს იმ რეჟიმისას, სადაც ძალა აღმართს ხნავდა, სადაც ქვეყანაში ყოველი მესამე იყო პრობაციონერი, ხოლო ყოველი მე-100 კი – პატიმარი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების სახელწოდებები გახლდათ „ნულოვანი ტოლერანტობა“ და „ყველანი ციხეში“.  ბუნებრივია, რომ ხალხი მართლაც გარბოდა უკანმოუხედავად. რა ხდება დღეს – სამთავრობო პროგრამებს ეწოდება: „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობაა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.