ბექა ოდიშარია - ჩვენ ნიჭიერი, განათლებული და ამავე დროს, ეკონომიკურად ძლიერი დიასპორა გვყავს
ბექა ოდიშარია - ჩვენ ნიჭიერი, განათლებული და ამავე დროს, ეკონომიკურად ძლიერი დიასპორა გვყავს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამებში 2021 წელს გამარჯვებულ თანამემამულეთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა.

საგრანტო პროგრამები სამ მიმართულებას მოიცავდა, კერძოდ – დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი, უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მიმართეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ დიასპორულ ორგანიზაციებთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივა წარმოადგინა. რაც შეეხება საგარეო უწყებას, ბექა ოდიშარიას შეფასებით, მას შემდეგ რაც უპორტფელო სამინისტრო გაუქმდა, დიასპორის საკითხებმა გაცილებით მაღალი რანგი შეიძინა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას და დიასპორულ ორგანიზაციებს ახალი ინიციატივა გააცნო.

„მინდა, ახალი ინიციატივა გავახმოვანო, რომლის ინსპირაცია შემიქმნა მიმდინარე წლის 27 თებერვალს ჩატარებულმა ეკონომიკურმა ფორუმმა. ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როდესაც წარმატებულ საგრანტო პროგრამებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით დავამატოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც ეკონომიკისკენ მიემართება. ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან ნიჭიერი და განათლებული და ამავე დროს ეკონომიკურად ძლიერი დიასპორა გვყავს. მათი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე მეტყველებს უცხოეთიდან გადმორიცხული თანხები. ვისურვებდი, რომ მათი ეს ძალისხმევა მიმართული იყოს ისეთ საგრანტო პროგრამებში, როდესაც თითოეულ ინვესტიციიდან, რომელსაც განახორციელებენ დიასპორელები, მიბმული იყოს მათი მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე უწყებათაშორის საბჭოსაც მივმართავ, რათა თითოეული დიასპორელის დაინტერესება მოხდეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ და აღნიშნული ინიციატივის მაგალითად „ირლანდიური მოდელი“ მოიყვანა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა და უცხოეთში მყოფი საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებისთვის მისი ტრანსლირება ონლაინ რეჟიმში წარიმართა. კონკურსის შედეგად 60-მდე გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც შესაბამისი სიგელები გადაეცემათ.

დატოვე კომენტარი