ბექა ოდიშარია - ბევრი პოლიტიკოსის განცხადებები ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, შეიძლება, ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის
ბექა ოდიშარია - ბევრი პოლიტიკოსის განცხადებები ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, შეიძლება, ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის

მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. შეიძლება ნიკა მელიამ ცხელ გულზე განაცხადა, რომ არ გადაიხდის. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრი მითუმეტეს უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პირნათელი კანონის აღსრულებასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„ვფიქრობ გირაოს გადაიხდის. ეს პოლიტიკოსის მხრიდან სწორი საქციელი არ არის. თუმცა, განცხადებები ბევრი პოლიტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს. ამიტომ, მოვლენებს წინ რატომ გავუსწრო და რატომ ვთქვა ნეგატიური რამ, როდესაც ადამიანს შანსი აქვს და კანონმდებლობა ჯერ კიდევ აძლევს საშუალებას, რომ გირაო გადაიხადოს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.