ბექა ოდიშარია - 2003-2024 წლებში ქვეყნიდან გასულთა ორი მესამედი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე მოდის, მაშინ ხალხი გაურბოდა ტერორს, რეკეტს
ბექა ოდიშარია - 2003-2024 წლებში ქვეყნიდან გასულთა ორი მესამედი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე მოდის, მაშინ ხალხი გაურბოდა ტერორს, რეკეტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას თქმით, მიგრაციასთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას განცხადებები უპასუხისმგებლოა და რეალურ მოცემულობასთან კავშირი არ აქვს.

ბექა ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებაზე, სადაც ბოკუჩავა აღნიშნავს: „2012 წლის შემდეგ საქართველოდან წავიდა 800 ათასი მოქალაქე. ჩვენი ამოცანაა, გავამთლიანოთ ოჯახები, დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში“.

ოდიშარიას განცხადებით, 2003-2024 წლებში ქვეყნიდან გასულთა ორი მესამედი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე მოდის.

„„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ხალხი გაურბოდა ტერორს, რეკეტს, დაჭერას და შემდგომ პენიტენციურ სისტემაში არაადამიანურ მოპყრობას. მაშინ, როდესაც არ იყო უვიზო რეჟიმი, ადამიანები გარბოდნენ ქვეყნიდან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. „ქართული ოცნების“ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არაა კმაყოფილი თავიანთი პირობებით, ისევე როგორც ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ზოგიერთი შეჭირვებული ადამიანის ყოფით. ეს რიცხვი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავანახევრეთ სიღარიბის რიცხვი ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მივეცით ჩვენს საზოგადოებას შესაძლებლობა, უვიზოდ გადაადგილდნენ ევროპაში. ცხადია, ეს იწვევს ბუნებრივ მიგრაციას, რადგან ეს არის შესაძლებლობები, ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიგრაცია არის წარმოუდგენელი, შემიძლია, მაგალითად მოგიყვანოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ სხვა. ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა. თინა ბოკუჩავას განცხადება უპასუხისმგებლოა და რეალობასთან შეხება არ აქვს. ციფრები წარმოუდგენელია, რადგან ადამიანები რომ გადიან, ისინი ბრუნდებიან კიდეც. ეტყობა, მას დაავიწყდა, ეთქვა, რომ ადამიანები გადიან და ბრუნდებიან. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და უკან დაბრუნებულ ხალხს არ დავითვლით, ბუნებრივია, რაღაც შედეგს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, თინა ბოკუჩავამ საზღვარგარეთ თქვენი მივლინებებიც დათვალა, ოღონდ მარტო გასვლა. ალბათ დაბრუნება არ მიაჩნია დაბრუნებად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.