ბექა ნაცვლიშვილი - ოპოზიციის განცხადება, რომ ახალი ფრაქციებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მოზიდვა გახდება საჭირო, არასწორია
ბექა ნაცვლიშვილი - ოპოზიციის განცხადება, რომ ახალი ფრაქციებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მოზიდვა გახდება საჭირო, არასწორია

ოპოზიციის განცხადება, რომ ორი ახალი ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების მოზიდვა გახდება საჭირო, არასწორია, რადგან არანაირი ბიუჯეტი არ იზრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს არის პარლამენტის ბიუჯეტი. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტს თავიდანვე დამტკიცებული ბიუჯეტი აქვს, თანხების გამოყოფა სწორედ ამ ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება მივლინებებს, მივლინებების ბიუჯეტი ისედაც არსებობს, ხოლო თუ საუბარია ავტომობილებსა და საწვავზე, რა თქმა უნდა, ეს ხარჯები იქნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკის“ წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება აქვთ, ხოლო ბიძინა გეგიძის ფრაქციაში, „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ არიან ადამიანები, რომლებსაც იგივე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთად ბრძოლის გამოცდილება აქვთ. ნაცვლიშვილის განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით, ამ ბრძოლამ, მათ შორის, ღირებულებითი ერთობა შექმნა და ეს ადამიანები ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდა.

მისივე თქმით, ორი ახალი ფრაქცია არა მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ იქიდან გამომდინარე შეიქმნა, რომ უმრავლესობაში 116 წევრია და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დეპუტატი მაქსიმალურად ჩაერთოს.

„ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უმრავლესობა ფრაქციებად ჩაიშალოს და ფრაქციების სამუშაო ფორმატში დეპუტატებმა აზრის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა შეძლონ“, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა.

„მოამბის“ ჟურნალისტის, მიშა ფეიქრიშვილის შეკითხვაზე, ახალი ფრაქციების შექმნის სურვილი კონკრეტულ დეპუტატებს ჰქონდათ, თუ უმრავლესობის გუნდის ლიდერებს, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სურვილი დეპუტატებმა გამოხატეს.

„როგორც ჩანს, ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ერთმანეთთან უფრო მეტი საერთო ენა გამონახეს და შესაბამისად, ერთმანეთთან უფრო ჰარმონიულად მუშაობენ, ვიდრე ამას სხვა დეპუტატებთან ერთად შეძლებდნენ. ეს გასაკვირი არ არის“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.