ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებამ მისივე უმოქმედობით გააძლიერა
ბექა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებამ მისივე უმოქმედობით გააძლიერა

„პრორუსული“, „პროდასავლური“, „გავრილოვი“ – ამ სისულელეებზე ლაპარაკს ჯობს, ადამიანებზე იზრუნოთ, – ასე მიმართა დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებამ მისივე უმოქმედობით გააძლიერა.

„აქ საუბარი იყო ოკუპაციაზე და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას რა წარმოადგენს? დღესაც, თქვენ შესაძლებლობას აძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ისევ ამ კატეგორიებში ილაპარაკოს – „პრორუსული“, „პროდასავლური“ – ამ უშინაარსო დისკუსიაში თქვენც შედიხართ. რადგან, თქვენთვისაც კომფორტულია. თუ ამაზე არ ილაპარაკებთ, მაშინ უნდა ისაუბროთ სიღარიბეზე, ეკონომიკაზე, განათლებაზე და გაჭირვებაზე, რომელიც ქვეყანაშია. მაგრამ ამაზე თქვენ საუბარი არ გინდათ, რადგან ამ პრობლემებზე პასუხები არ გაქვთ. მამუკა მდინარაძემ ახსენა, რომ სირცხვილია ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა. სირცხვილია, კი, მაგრამ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებულიყო. რამე გააკეთეთ? „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენივე უმოქმედობით თქვენ არ გააძლიერეთ? აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ამ ზაფხულს ვიყავი რეგიონებში. ტურისტული სექტორით რომ ვამაყობთ – თურმე ტურიზმი გადაგვარჩენს და პატარა რაღაც ძვრამაც ქვეყანა თითქმის სასოწარკვეთაში ჩააგდო. ეს ადამიანები სოციალურად სრულიად დაუცველები და მოწყვლადები არიან. ამიტომ, აქ „პრორუსული“, „პროდასავლური“ და რაღაც „გავრილოვი“ – ამ სისულელეებზე ლაპარაკს დამერწმუნეთ, ჯობს, ამ ადამიანებზე იზრუნოთ, რადგან ეს ადამიანები ამ ქვეყნის უმრავლესობაა.

მე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მაქვს დარეგისტრირებული – ერთი ზეგანაკვეთურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ახლა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დავარეგისტრირებ. თუ არ გინდათ, რომ ადამიანების გაჭირვებაზე ხანდახან საუბარი ფარისევლობად ჩაგეთვალოთ, მაშინ კეთილი ინებეთ და, ამ საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირეთ“, – მიმართა ბექა ნაცვლიშვილმა კოლეგებს.