ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის პარლამენტში მისვლას ითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის პარლამენტში მისვლას ითხოვს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი პარლამენტში მისვლას ითხოვს.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჭიათურაში მძიმე ვითარებაა და აუცილებელია საკითხზე დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა.

„მე მქონდა შეხვედრა ჭიათურის მაღაროელებთან, იქ არის ნამდვილად ურთულესი ვითარება, ამიტომ პარლამენტი ვერ დარჩება ამ პროცესების მიღმა. პარლამენტმა აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, ხვალ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გამოცხადდეს პარლამენტში და მოგვცეს ინფორმაცია, რამ გამოიწვია არსებული ვითარება, რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე.

ამ მოთხოვნას უერთდებიან „სოციალ-დემოკრატები“ და „პატრიოტთა ალიანსიც“. დღეს ჩვენ დავაყენებთ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე საკითხს, რომ გარდა ჩიქოვანისა, მოვიდეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გაგვაცნოს სამთო მომპოვებელ სფეროში არსებული ვითარება.

წიაღისეული არ არის არცერთი დამსაქმებლის შემოქმედების შედეგი, ეს არის საქართველოს ბუნებრივი რესურსი, ამიტომ მისგან მიღებული დოვლათი უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული, ამიტომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და უზრუნველყოს ზედამხედველობა, რათა პროცესი სამართლიანად განხორციელდეს“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.