ბექა ნაცვლიშვილი - დიმიტრი ცქიტიშვილის პოზიცია შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით მშრომელთა მდგომარეობას გააუარესებს
ბექა ნაცვლიშვილი - დიმიტრი ცქიტიშვილის პოზიცია შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით მშრომელთა მდგომარეობას გააუარესებს

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილმა გამოთქვა, ცალსახად გააუარესებს მშრომელთა მდგომარეობას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დასაქმებულთა პირველი მოთხოვნა ხელფასების გაზრდაა და სამუშაო დროზე შეზღუდვის დაწესებით ავტომატურად წაერთმევათ უფლება, ორ სამსახურში იმუშაონ, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა გაუარესდება.

„პოზიცია, რომელიც გამოთქვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ცალსახად გააუარესებს მშრომელთა მდგომარეობას. თუ გადახედავთ გაფიცვებს, უპირველესი მოთხოვნა არის ხელფასების გაზრდა. თუ ჩვენ მხოლოდ დავაწესებთ შეზღუდვას სამუშაო დროზე და მათ ამით ავტომატურად წავართმევთ უფლებას, ორ სამსახურში იმუშაონ და შესაბამისად, არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ, ექთანი, რომელსაც აქვს სამასი ლარი, რომელიც იძულებულია ოჯახი არჩინოს და სხვა სამსახურშიც იმუშაოს, თუ ამის უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ მისი მდგომარეობა გაუარესდება. ამიტომ იგივე ცვლილებები, რომელიც ქართულ რეალობაზეა მორგებული, უკვე დარეგისტრირებული გვაქვს, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ. ვაპირებთ ეს გავაცნოთ საზოგადოებას და არა დახურულ კარს მიღმა გავიაროთ ეს ცვლილებები. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიერ არის დარეგისტრირებული, არის ცვლილებები, რომლებმაც უნდა შეცვალოს მშრომელთა მდგომარეობა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.