ბექა ლილუაშვილი – უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დახურულ ფორმატში უნდა წარიმართოს

17:08, 24.02.2022

ოპოზიციონერ დეპუტატს ბექა ლილუაშვილს მიაჩნია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დახურულ ფორმატში უნდა წარიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს ლილუაშვილმა განუცხადა, დისკუსია უნდა იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული.

„რაც უკრაინაში ხდება, არის იმ აგრესიის გაგრძელება, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განახორციელა. რუსეთი აწარმოებს ფართომასშტაბიან ომს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი გეოპოლიტიკური მოცემულობა და საერთაშორისო საზოგადოების სრული კონსოლიდაციაა საჭირო იმისთვის, რომ ყველანაირი საშუალებები დაუპირისპირონ ამ გამოწვევას და სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია მოხდეს. ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის თითოეულმა წარმომადგენელმა გვერდზე გადადოს პოლიტიკური ინტერესები და მოხდეს საზოგადოების სრული კონსოლიდაცია, მათ შორის, გაიმართოს სერიოზული დისკუსიები ხელისუფლებასთან ოპოზიციის ჩართულობით იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ სხვადახვა რისკების თავიდან ასაცილებლად. უკრაინის კონტექსტი პირდაპირ განსაზღვრავს საქართველოს მომავალი განვითარების გზასაც. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირველ ეტაპზე სხდომა იყოს დახურულ ფორმატში, რომ დისკუსია იყოს მაქსიმალურად საქმიანი, პოპულიზმისგან დაცლილი და შედეგებზე ორიენტირებული“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე თანახმაა, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამ მიმართვას ხელს მოაწერა.

მსგავსი