ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ არის თანხვედრაში ხალხის ინტერესებთან
ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ არის თანხვედრაში ხალხის ინტერესებთან

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებს.

საუბარია საუბარია „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც, „დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ მხარეები საკუთარ სურვილებზე მაღლა ქართველი ხალხის ინტერესებს არ აყენებენ“.

ლილუაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ სახელისუფლებო ძალებს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მეტი კომპრომისის ჩვენება პროცესის დეესკალაციის მიზნით.

ლილუაშვილი ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი აღარ არის თანხვედრაში ხალხის ინტერესებთან.

„იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც იმედგაცრუებას გამოთქვამს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის ხარისხზე, რაც გამოიხატა პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაყენებით. (აღარაფერს ვამბობ ოპოზიციის მიმართ იმავე შეფასებაზე დეპარტამენტის მხრიდან, მათ ისედაც არასოდეს ჰყოფნიდათ პასუხისმგებლობა). ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ სახელისუფლებო ძალებს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, მეტი კომპრომისის ჩვენება პროცესის დეესკალაციის მიზნით.

შეგახსენებთ, ეს არის უკვე მეორე სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც გვეუბნება, რომ „მმართველ პარტიას და ოპოზიციას ჯერ არ გამოუხატავს სურვილი და ნება, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს“.

მსგავსი შეფასებების ფონზე, პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში თავიდან – ფეხებამდე ჩაფლული მმართველი პარტიის მიერ ამ პროცესის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ფსევდო დეესკალაციის ლეგენდასაც ძირი გამოეცალა. ამიტომ ნურავის გაუკვირდება, როდესაც ვამბობ, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“, როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი, აღარ არის თანხვედრაში ამავე ხალხის ინტერესებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.