ბექა ლილუაშვილი - პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი ჩვენს მოქალაქეებზე გავლენის გარეშე ვერ გადაივლის, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეს გავლენა შეამსუბუქოს
ბექა ლილუაშვილი - პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი ჩვენს მოქალაქეებზე გავლენის გარეშე ვერ გადაივლის, მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეს გავლენა შეამსუბუქოს

სამუშაოდაკარგულთა მხარდაჭერისა და დაცვის გრძელვადიანი სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს 1 200-ლარიანი მხარდაჭერის პროექტი, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ არსებობს ქვეყანაში სამუშაოდაკარგულთა დახმარების სისტემა და რა კეთდება იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

„რაც შეეხება იმას, გვჭირდება თუ არა ამ მიმართულებით სოციალური პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების, ან რეფორმის განხორციელება, მაგაში მოგყვებით, რომ ეს გადასახედია და ალბათ, კოვიდ პანდემიით განპირობებული შედეგებიდან გამომდინარე ბუნებრივია, ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას და ამასთან მიმართებით ჩვენი ხედვა გვექნება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი სიმწვავის კრიზისი ისტორიულად, ფაქტობრივად, არ ყოფილა და რა თქმა უნდა, ეს ისე ვერ გადაივლის, რომ ეფექტი არ მოახდინოს, მაგრამ მთავრობის ამოცანაა, პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისი შეამსუბუქოს.

„ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოვიდ პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი ისე გადაივლის, რომ ამას ჩვენი მოქალაქეების უმრავლეს ნაწილზე გავლენა არ ექნება. ეს გამორიცხულია. ასეთი სიმწვავის კრიზისი ისტორიულად, ფაქტობრივად, არ ყოფილა და რა თქმა უნდა, ეს ისე ვერ გადაივლის, რომ ეფექტი არ მოახდინოს. მთავრობის მთავარი ამოცანაა, ეს შეამსუბუქოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა. 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორია სახელმწიფოს პოსტკრიზისული გეგმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ პროაქტიური ღონისძიებები ტარდებოდა და მათი გატარება მათ შორის, კრიზისის განმავლობაშიც გრძელდება.

„სადაც პროაქტიური ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იყო, მათ შორის, პირობითად, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სრულად, კონცეპტუალურად შეიცვალა უცხოელ ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკა, დაინერგა პროაქტიური კომუნიკაციის მექანიზმი და შეიქმნა საგრანტო ინსტრუმენტი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, პოსტკრიზისული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიმდინარეობს, ან დაგეგმვის და პროექტირების ეტაპზეა.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორედ ამ პოსტკრიზისული ღონისძიებების შეფასების შედეგად უწერენ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის პროგნოზებს, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021-2025 წლებში, საშუალოდ რომ ავიღოთ, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე რეგიონში და ევროპის ქვეყნებში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის საბოლოო შედეგი არ ჩანს და მისი იდენტიფიცირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

„ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ საბოლოო შედეგს ეკონომიკაზე. ანუ, გამონაკლისების გარდა, როგორიც არის მაგალითად, ტურიზმის სექტორი და გლობალურად ინვესტიციების შემცირება, პანდემიამ რა გავლენა მოახდინა და რა მიმართულებებით გააჩინა პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიური პოლიტიკა სჭირდება, რათა კრიზისიდან გამოვიდეთ. სისტემურად, ჯერ კიდევ არ გვაქვს დაიდენტიფიცირებული და ეს ობიექტური გარემოებაა, რადგან კრიზისი არ ამოწურულა და გრძელდება, როგორც გლობალურად და რეგიონალურად, ასევე საქართველოში. შესაბამისად, ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.