ბექა ლილუაშვილი - ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში
ბექა ლილუაშვილი - ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში

ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, კიდევ ერთხელ გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„მიუხედავად იმისა, ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი თვლიდა, რომ რადიკალური ოპოზიციის უფლებამოსილება უნდა შეწყვეტილიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც არის ეროვნული ინტერესი. ეს გადაწყვეტილება ეხმიანება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ძლიერ ვექტორს, მიზანს და შედეგს. ამ გადაწყვეტილებით თავი შევიკავეთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან და ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მივეცით, კიდევ ერთხელ გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქართველმა ამომრჩეველმა დააკისრა და მოვიდნენ პარლამენტში, მათი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა, საზოგადოებას ზუსტად მიეწოდოს, თუ როგორ ვითარდება რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი.

„არის თეზისი, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა. შემდეგ მოდის ინდივიდუალური შემთხვევები და შემდეგ ამაზე იწყობა ნარატივი, რომ თითქოს, სისტემურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. შემდეგ მოდის სტატისტიკა, რომელიც ცარიელი ბიულეტენების რაოდენობას ეხება და ოპოზიცია მკაფიოდ ითხოვს, განგვიმარტეთ, რატომ იყო ცარიელი კონვერტების რაოდენობაო. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარია, ამ მიზეზთაგან რომელი შეიძლებოდა, ყოფილიყო არჩევნების შედეგებზე გავლენის მომხდენი. ეს დასტურდება მათ შორის, ყველაზე ძლიერი არგუმენტით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ოდესღაც გააჩნდათ, რომელზეც ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან მკაფიო ნარატივი ააგეს და, რომელიც საბოლოო ჯამში, საპნის ბუშტივით გასკდა და ოპოზიცია პოლიტიკურად შიშველი დარჩა. ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგებს. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ეს დაბნეულობა რაღაცნაირად დააბალანსოს და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას სისტემურად წარმოაჩენს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ საქმიანი დღის წესრიგი ოპოზიციის დღის წესრიგი არ არის, რადგან მათი მთავარი ნარატივი დღითი-დღე ცვდება და ოპოზიცია თვითგანადგურების რეჟიმში გადავიდა.

„იმდენად, რამდენადაც მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ გაითვალისწინა ქართველი ხალხის ნება-სურვილი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთობლივად მიეღო ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე მუშაობის პასუხისმგებლობა და ა.შ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობაა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობის აღიარების შიდა პროცესი მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ბევრის გადაწყვეტილება შეიცვლება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.