ბექა ლილუაშვილი - მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით
ბექა ლილუაშვილი - მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით

მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეების თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, რომ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესი და მაშინ მოვისმინეთ სკეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით და მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე. ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ შევიწროების კონკრეტული ფაქტები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ხდება; იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესად იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.

მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მხარდამჭერებს და უბრალოდ მოქალაქეებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მსგავსი მეთოდების შედეგები, ეს არავისთვის სასიკეთო არ არის, ხელისუფლებას ვგულისხმობ. აუცილებლად დამთავრდება ის დრო, როდესაც ვერავინ დაუშლის მოქალაქეს, შეხედულებისამებრ იხელმძღვანელოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ხაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა, გორის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ, მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა.