ბექა ლილუაშვილი - მაღალი ინფლაციის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება
ბექა ლილუაშვილი - მაღალი ინფლაციის პირობებში ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება

2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რადგან გლობალურ დონეზე ეკონომიკური ზრდის შემცირების ტენდენციის ფონზე, ქვეყანამ 5.2-პროცენტიან ზრდაზე გასვლა შეძლო. ეს რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრია. თუმცა, მაღალი ინფლაციის გამო, მოსახლეობამ ვერ იგრძნო ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხით, რაც რეალურად დაფიქსირდა, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020-2024 წლებშიც რეგიონში ყველზე მაღალი ტემპით, დაახლოებით 4.9 პროცენტით გაიზრდება.

ლილუაშვილის განმარტებით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი როლი მრეწველობამ და მომსახურების სექტორებმა შეასრულეს. თუმცა, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად წაადგა ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში პრობლემად ქცეული კაპიტალური ხარჯების დაგროვების პრობლემა ფაქტობრივად გადაიჭრა. წინსვლა აღინიშნა დასაქმების კუთხითაც.

„აღსანიშნავი ფაქტია, რომ თუ კაპიტალური ხარჯების შესრულების თვალსაზრისით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა გვქონდა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ გაუმჯობესდა და წლის განმავლობაში დაგეგმილზე კარგად შესრულდა, რაც, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდისთვის კარგია. მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი იყო და არის სამუშაო ადგილების შექმნა და აქ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 4.6 პროცენტით გაიზარდა. როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესსა დ საინვესტიციო გარემოზე, თავისთავად ვგულისხმობთ სიღარიბის დაძლევას დასაქმების მეშვეობით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი მოსაზრებით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდის რეალური მასშტაბი მოსახლეობამ მაღალი ინფლაციის გამო ვერ იგრძნო.

„რაც შეეხება ინკლუზიურ ზრდას, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ეკონომიკის კონტექსტში მოკლევადიანი თვალსაზრისით დღეს პრობლემას ფასების დონე წარმოადგენს. ეროვნულ ბანკს აქვს თავისი გეგმა, რომლითაც ის ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც მოსახლეობამ ეკონომიკური ზრდა ვერ იგრძნო იმ ხარისხით, რაც რეალურად არის ქვეყანაში. მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, ბუნებრივია, ადამიანებს უჩნდებათ აღქმა, რომ ეკონომიკური ზრდა იმ ხარისხის არ არის, რაც რეალურად ფიქსირდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე პროგნოზით, ინფლაცია მარტის ბოლოსთვის დარეგულირდება.

„ინფლაციის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დონე დღეს საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებლს დაუახლოვდეს. მეტსაც გეტყვით, მარტის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს და შეიძლება, ქვემოდანაც“, – განმარტა ბექა ლილუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა 2019 წლის მიღწევებს შორის აღნიშნა ექსპორტის რეკორდული, დაახლოებით 12.4-პროცენტიანი ზრდა და იმპორტის ერთპროცენტიანი შემცირებაც. თუმცა, მისი აზრით, 2019 წელი გამორჩეულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანამ შეძლო ეკონომიკის ისეთი სისტემური პრობლემის მოგვარება, როგორიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაა.

„საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ტურიზმის სექტორთან ერთად, სადაც ასევე ზრდა დაფიქსირდა, შეიძლება, ითქვას, რომ 2019 წელს ჩვენი მთავარი და პრინციპული მიღწევა იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება – საპროგნოზო მაჩვენებლით დაახლოებით ოთხ პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ფაქტობრივად ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სისტემური პრობლემის გადაჭრა. მეორე არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც, გაუმჯობესებული ადმინისტრირების ფონზე, გარკვეული ხარვეზების გამოსწორების შედეგად, საგადასახადო შემოსავლებში, ფაქტობრივად, 10 პროცენტამდე გადაჭარბება მივიღეთ, რამაც საბიუჯეტო დეფიციტი საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი ციფრით დაგვისრულა წლის ბოლოს. ამან რესურსებით საშუალება მოგვცა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოქალაქეზე ორიენტირებული ყოფილიყო. ის ცვლილებები, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, რაც ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო, იქიდან გამომდინარეობს, რომ 2019 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იყო“, – განუცხადა ბექა ლილუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.