ბექა ლილუაშვილი - „ლოგ ინ ჯორჯია“ გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, ნახევარი მილიონი ადამიანისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფას, ფონდმა „ქართუმ“ მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად
ბექა ლილუაშვილი - „ლოგ ინ ჯორჯია“ გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, ნახევარი მილიონი ადამიანისთვის მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომის უზრუნველყოფას, ფონდმა „ქართუმ“ მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების ხუთწლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო შესაბამისი დაფინანსება, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი.

„ეს პროექტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვის და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე.

ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს“ როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.