ბექა ლილუაშვილი - კასიანოვის განცხადება ხისტი იყო, მაგრამ ის რისკები, რაც მან დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული
ბექა ლილუაშვილი - კასიანოვის განცხადება ხისტი იყო, მაგრამ ის რისკები, რაც მან დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული

ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა, ეს განცხადება საკმაოდ ხისტად მოეჩვენოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრმა ქვეყანამ საზარელი ომის შედეგად უკრაინელებს სხვადასხვა პროგრამა შეუქმნა და მათ მხარდაჭერა აღმოუჩინა, რათა საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას უკრაინის მიმართ პოზიციის ჩამოყალიბებაც კი უჭირს.

„ის რისკები, რაც კასიანოვმა დაინახა, არ არის რაციონალურობას მოკლებული, მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როცა ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო პოზიცია არათუ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ნაბიჯების გადადგმის თვალსაზრისით, არამედ უკრაინის მდგომარეობასთან მიმართებაში. ამ განცხადების შინაარსია, რომ არ ენდობა სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ ისინი უზრუნველყოფენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს. არ მინდა, კასიანოვის მოტივებში შესვლა, მაგრამ, ფაქტობრივად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების უნარს უნდობლობას უცხადებს, რომ დაიცვას საქართველოში უკრაინელი მოქალაქეების უფლებები. გასაგებია, რომ ამ თვალსაზრისით ეს ხისტი განცხადება იყო, მაგრამ აქვს გარკვეული რაციონალი და ეს გასათვალისწინებელია. ამ განცხადებას საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება, გასცეს მკაფიო პასუხი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსების საქართველოში შემოსვლის გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.