ჩემი ფავორიტი მორაგბე მამუკა გორგოძეა - ბექა გორგაძემ „სპორბიზნესმაგს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ჩემი ფავორიტი მორაგბე მამუკა გორგოძეა - ბექა გორგაძემ „სპორბიზნესმაგს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა

პოპულარულმა გამოცემა „სპორტბიზნესმაგმა“ ქართველ მორაგბე ბექა გორგაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს თარგმანს პირველი არხი გთავაზობთ –

ბექა, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?

1996 წლის 8 თებერვალს დავიბადე რუსთავში. ეს თბილისის გვერდით მდებარე პატარა ქალაქია. მთელი ბავშვობა იქ გავატარე და რაგბის თამაშიც რუსთავში დავიწყე.

ვინ არიან შენი კერპები რაგბის სამყაროში?

არ არის რთული კითხვა. როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ჩემი კერპი მამუკა გორგოძეა! მამუკა საქართველოში ნამდვილი ლეგენდაა. სწორედ მის გამო ვიმყოფები ახლა საფრანგეთში. თუ ქართველების გარდა სხვებიც უნდა დავასახელო, აუცილებლად უნდა ვახსენო დუან ვერმულენი და კირენ რიდი, რომლებიც რვა ნომრის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები არიან.

როგორ და რა ასაკში ჩამოხვედი საფრანგეთში?

საფრანგეთში რომ ჩამოვედი 18 წლის ვიყავი. საქართველოს U18 ნაკრებთან ერთად პოლონეთში ტურნირზე ვმონაწილეობდი, სადაც სამი მატჩი ჩავატარე. ამ შეხვედრებში კარგად ვითამაშე და შინ დაბრუნებამდე ფრანგი აგენტი დამიკავშირდა. რამდენიმე თვეში უკვე საფრანგეთში ვიყავი.

რომელი იყო შენი პირველი კლუბი?

სტად მონტუა (მონ დე მარსანი)

საფრანგეთში ბევრი ქართველია, ამან რა როლი ითამაშა თქვენს აქ ჩამოსვლაში?

საფრანგეთში თამაში ქართველებისთვის კარგი შანსია. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ბევრმა მორაგბემ გაგვიკაფა გზა. რა თქმა უნდა, საფრანგეთში გადმობარგება ადვილი არ იყო, მაგრამ ფრანგული და ქართული საზოგადოება ერთმანეთთან ახლოს არის. აქ ყოფნას კი ისიც მიადვილებს, რომ სხვადასხვა კლუბებში ბევრი ქართველი თამაშობს.

როგორ გახსენდება „მონ დე მარსანში“ გატარებული დრო?

ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. ამ კლუბში ოთხი ლამაზი წელი გავატარე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მძიმე ტრავმა მივიღე. „სტად მონტუამ“ შანსი მომცა და პროფესიონალურ რაგბიში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს არასდროს დამავიწყდება.

ზაფხულიდან „ბორდოში“ თამაშობთ, როგორ შეეჩვიეთ ახალ კლუბს?

ახალ კლუბს მარტივად შევეჩვიე. თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან ამისთვის ცოტა დრო მქონდა, მაგრამ ამხანაგური შეხვედრებისთვის კარგად მოვემზადე და ამან გუნდში ინტეგრაცია გამიმარტივა.

კლუბში ორი ქართველი დაგხვდათ, ალბათ ესეც დაგეხმარათ

რა თქმა უნდა! ეს დიდი უპირატესობაა. გუნდში სულ ხუთი ქართველი ვართ და ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობთ. „მონ დე მარსანში“ მარტო ვიყავი, რაც შედარებით რთული იყო. „ბორდოში“ ამ მხრივ თავს უკეთესად ვგრძნობ.

თქვენ პროდ2-ში თამაშობდით, ელოდით რომ Top 14-შიც ამდენი სათამაშო დრო გექნებოდათ?

ეს დიდი და სასიამოვნო სიურპრიზია. როდესაც „ბორდოსთან“ კონტრაქტი გავაფორმე, ტრავმირებული ვიყავი, ამიტომ არ მქონდა ილუზია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდი. შანსი მომეცა, ბედმა გამიღიმა და ვთამაშობ. შუა სეზონში უკვე 13 მატჩი მაქვს ჩატარებული და ეს ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს.

რა არის თქვენი საყვარელი სათამაშო პოზიცია?

ყველაზე კომფორტულად თავს რვა ნომრის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ როდესაც „ბორდოში“ გადმოვედი, ვიცოდი, რომ მესამე ხაზის სხვა პოზიციებზეც მომიწევდა თამაში. კონტრაქტის გაფორმებისას სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პირობა.

ახლა რა სახის კონტრაქტი გაკავშირებთ „ბორდოსთან“?

ზაფხულში სამ წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც შესაძლოა კიდევ ორი წლით გაგრძელდეს

როგორ შეაფასებთ „ბორდოს“ სეზონის სტარტს?

გათამაშების დასაწყისში მძიმე მარცხი განვიცადეთ „სტად ფრანსესთან“ და ამას რამდენიმე იმედგაცრუებაც მოჰყვა, თუმცა „კასტრთან“ გამარჯვებამ, რომელიც ტოპ 14-ის ჩემპიონია გუნდში განწყობა აამაღლა.

რა განსხვავებაა ტოპ 14-სა და პროდ2-ს შორის?

ჩემთვის ამ ორ ტურნირს შორის დიდი განსხვავებაა. ტოპ 14-ში უფრო სწრაფი რაგბია, თამაშის ტემპი განსხვავებულია. ჩვენ ამოცანების სწრაფად შესრულება გვიწევს. მერე კი პასუხისმგებლობაა – ახლა უფრო დიდი ტვირთია ჩემზე, ვიდრე პროდ2-ში თამაშისას.

ჩემპიონატი ძალიან დაძაბულია და თქვენ ახლა მე-7 ადგილზე იმყოფებით, რა მიზნები აქვს „ბორდოს“?

როგორც თქვით, ჩემპიონატი დაძაბულია და ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ამ ეტაპზე ექვსეულში შესვლა გვინდა, რომ პლეიოფში ვითამაშოთ. წინ სეზონის დიდი ნაწილია დარჩენილი და ყველაფერია შესაძლებელი.

როგორ შეაფასებდით „ბორდოს“ თამაშს „ჩელენჯ ქაფზე“?

ტურნირი იდეალურად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენ მებრძოლი გუნდი ვართ, რომელსაც მომდევნო კვირებში ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია. წინ „პერპენიანთან“ და „კონაქთან“ მატჩები გველის და ვეცდებით ეს შეხვედრები საჩვენო შედეგით დავასრულოთ.

რასინგ 92“-ის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშე, როგორ ფიქრობ, ეს ასე გაგრძელდება?

თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობდი. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ძირითადში. თამაში კარგად წამივიდა, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. წინსვლისთვის ბევრი უნდა ვიმუშაო და გამოსასწორებელიც ბევრი რამ მაქვს.

გავიხსენოთ „პოსთან“ შეხვედრა, სადაც მე-10 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯეთ, როგორ ფიქრობთ, სასჯელი ზედმეტად მძიმე იყო?

ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს, პატივს ვცემ მსაჯს და მის კომპეტენციას. ცხადია, რომ სამკვირიანი დასვენების სურვილი არ მქონდა. საბედნიეროდ მალე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი იწყება და იმედია ნაკრებში თამაში მომიწევს.

რამდენიმე კვირის წინ არავინ გიცნობდათ, რამდენად მოულოდნელია მედიის მხრიდან ასეთი ყურადღება?

კმაყოფილი ვარ, ეს არ მაწუხებს. პირიქით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩემს მიმართ ინტერესი გაიზარდა. ახლა მე უნდა გავაკეთო ის რაც აუცილებელია და იმ ხალხს, ვინც ჩემი და „ბორდოს“ წარმატებითაა დაინტერესებული, იმედი არ გავუცრუო.

თქვენ არ ხართ ერთადერთი ქართველი, რომელსაც კარგი სეზონი აქვს. რას ფიქრობთ გურამ გოგიჩაშვილზე?

ის საფრანგეთში მხოლოდ ამ ზაფხულში ჩამოვიდა და თქვენს ენაზე წესიერად ვერც საუბრობს, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში უკვე „რასინგ 92“-ის ერთ-ერთი ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ ის საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს.

როგორ შეაფასებდით „ბორჯღალოსნების“ გამოსვლას ნოემბრის ტესტებზე?

მთლიანობაში კარგად ვიასპარეზეთ და სამიდან ორი მატჩი მოვიგეთ. ჩვენ უკვე მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და ეს შედეგი გამამხნევებელია. ტრავმის გამო ნაკრებში ხანგრძლივი პაუზა მქონდა, მაგრამ მწვრთნელები მენდნენ და სამჯერ გავხდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ეს დიდებული გრძნობა იყო.

როგორია თქვენი სტატუსი ეროვნულ გუნდში?

ძალიან ადრეა სტატუსის შესახებ საუბარი. მე უბრალოდ გუნდში დავბრუნდი და ვმუშაობ ჩემს თავზე. დანარჩენს მოგვიანებით ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ პროგრესს გავაგრძელებ.

მსოფლიო თასი ახლოვდება, რას ფიქრობთ ამ ტურნირის შესახებ?

ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. ეს ჩემი მიზანი და ბავშვობის ოცნებაა. 2015 წელს გუნდთან ერთად ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ ტურნირზე მონაწილეობა არ მიმიღია. ძალიან მინდა იაპონიაში თამაში, მაგრამ წინ სეზონი მელის და არავინ იცის რა მოხდება. იმედი მაქვს წელს მაინც მომიწევს მსოფლიო თასზე თამაში.

ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯი გყავთ. რა იქნება „ბორჯღალოსნების“ მიზანი?

მსოფლიო თასზე არც ერთი შეხვედრა არ არის მარტივი! ვიცით, რომ რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენი ძალის გვწამს. მიზანი მინიმუმ ორი გამარჯვებაა, მაგრამ არც უკეთესი შედეგი გაგვიკვირდება

რა გირჩევნიათ, მოიგოთ ტოპ 14 „ბორდოსთან“ ერთად, თუ გახდეთ მსოფლიო ჩემპიონი „ბორჯღალოსნების“ რიგებში?

(იცინის) ცხადია, მსურს მსოფლიო ჩემპიონი ვიყო! ეს ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა. მაგრამ „ბორდოს“ რიგებში ტოპ 14-ის მოგებაც ბრწყინვალე იქნებოდა.

რა არის თქვენი პირადი მიზნები?

მივიღო მონაწილეობა მსოფლიო თასზე და ვიმუშაო საკუთარ თავზე. მიზნების მისაღწევად პირველ რიგში შრომა მჭირდება.

ჩვენ რა გისურვოთ?

ჯანმრთელობა! მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არ მივიღო და სხვა ყველაფერი იქნება. რაც შეეხება „ბორდოს“, ექვსეულში მოხვედრა და სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გვისურვეთ.