ბექა გორგაძის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემაში - 6 ერში მონაწილეობაზე ვოცნებობთ, თუმცა შედეგების გარეშე იქ მოხვედრა რთულია #1TVSPORT
ბექა გორგაძის ინტერვიუ ფრანგულ გამოცემაში - 6 ერში მონაწილეობაზე ვოცნებობთ, თუმცა შედეგების გარეშე იქ მოხვედრა რთულია #1TVSPORT

ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბირამა“ ბექა გორგაძის შესახებ საინტერესო პუბლიკაციას აქვეყნებს. გორგაძე პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა და 14 ნოემბერს ფრანგებთან გასამართი მატჩისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

ფრანგული გამოცემა მისი ბავშვობის შესახებ წერს – რაგბზე ძმისა და ნათესავის გამო შევიდა, რომელიც 20 წლამდე ნაკრებში გამოდიოდა. თამაში რუსთავში 9 წლისამ დაიწყო, 10 წლის შემდეგ ოცნება აიხდინა – პოლონეთში ტურნირზე მყოფი ფრანგმა აგენტმა შენიშნა და ფრანგულ კლუბ „მონ-დე-მარსანში“ მიიწვია.

„როდესაც ჩამოვედი, მითხრეს, რომ უნდა გავმხდარიყავი „ჟიფი“ (3 წელი მეთამაშა აკადემიაში), ასევე, შემომთავაზეს საფრანგეთის სახელით გამოსვლა, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ გვეამაყება ის რაც გვაქვს და ვინც ვართ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ მიდის, ჩვენ მცირედი სიხარულის შეტანა შეგვიძლია ოჯახებში, რაც საამაყოა“, – განაცხადა AFP-სთან ინტერვიუში ვექა გორგაძემ.

ქართველი მესამეხაზელი საფრანგეთთან დაპირისპირებას ისტორიულს უწოდებს:

„აქამდე საქართველო საფრანგეთს მხოლოდ ერთხელ, მსოფლიო თასის ეგიდით 2007 წელს შეხვდა, სადაც 64:7 დავმარცხდით“

ბექა თვლის, რომ ეს ახალი ეტაპია ბორჯღალოსნების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენის პროცესში.

„აქამდე ასეთი დონის თამაშები საქართველოს მხოლოდ მსოფლიო თასზე ეძლეოდა – არგენტინა და ახალი ზელანდია (2015), ავსტრალია და ფიჯი (2019). გასულ წელს კი კოვიდ 19-მა სიტუაცია შეცვალა და მათ შემოდგომის ერთა თასზე იაპონია ჩაანაცვლეს“, – წერს „რაგბირამა“.

„ჩვენთვის ამ ტურნირზე მონაწილეობა მსოფლიო თასზე თამაშზე მნიშვნელოვანიც კი იყო“, – ამბობს გორგაძე – „პროგრესისა და ზრდის საშუალება მოგვეცა“

ქართველმა მესამეხაზელმა 6 ერში იტალიის ჩანაცვლებაზეც ისაუბრა:

„ამ თემაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე ტურნირზე მონაწილეობა ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გვინდა 6 ერში შესვლა, ალბათ, რეპეშაჟის პრინციპით. 6 ერში მონაწილეობაზე ვოცნებობთ, თუმცა შედეგების გარეშე, იქ მოხვედრა რთულია“, – ამბობს გორგაძე.

საფრანგეთთან თამაში ბორჯღალოსნებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა თავის წარმოსაჩენად.

შეგახსენებთ, 6 ერის მიერ ორგანიზებული ნოემბრის ტესტ-სერიების ეგიდით საქართველო ბორდოში საფრანგეთს 14 ნოემბერს 17:00 საათზე დაუპირისპირდება, ხოლო ფიჯის 20-ში 18:30 საათზე.

დატოვე კომენტარი