ბექა ღვინიაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია - საქართველოს ნაკრების მესამე ოქრო ტურნირზე [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ცხრა ქართველი ძიუდოისტი გადავიდა. 90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად, ვაზარით და გაფრთხილებებით დაამარცხა. ბექამ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა გიორგი პაპინაშვილი. რამდენიმე წუთში 100კგ-ში ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდებიან. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე.

 

თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის უზბეკ იუსუპოვთან იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის ერთმანეთს ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან. მესამე ადილისთვის იჭიდავებს ასევე მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.