ბექა ძამაშვილი - მთლიანად ევროსაბჭოს ღირსების საკითხია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს
ბექა ძამაშვილი - მთლიანად ევროსაბჭოს ღირსების საკითხია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს

მთლიანად ევროსაბჭოს ღირსების საკითხია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს 47 სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება.

„აქამდე დავა იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ, ეს საქმე არის მთლიანად ევროსაბჭოს ღირსების საკითხი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს. შესაბამისად, ეს აღარ იქნება საქართველოს და რუსეთის საქმე. ეს იქნება ევროსაბჭოს 47 სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ ეფექტურად აღსრულდეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ალტერნატიული ვერსიების შემოტანის მცდელობებიც იქნება, თუმცა ჩვენ გვაქვს იმედი და რწმენა, რომ ევროსაბჭოს ფარგლებში, ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად, ეს გადაწყვეტილება აღსრულდება ისე, როგორც უნდა აღსრულდეს.

რომ შევაჯამოთ, საქართველო რა მუხლებსაც ითხოვდა, დადგინდა აბსოლუტურად ყველა მუხლის დარღვევა. ჩვენ ვდაობდით შინაარსობრივ მუხლებზე, კონკრეტული უფლებების დარღვევებზე. რვიდან შვიდი მუხლის დარღვევა დადგინდა, მერვე, 38-ე მუხლის დარღვევა თვითონ სასამართლომ დაამატა. ეს უფრო პროცედურული მუხლია, რადგან რუსეთმა არ ითანამშრომლა. ანუ ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რვა მუხლი დაადგინა. ერთადერთი იყო განათლების უფლება. აქ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ როგორც იცით, საქართველომ ახალი საჩივარი შეიტანა 2018 წელს, რომელიც ეხება განგრძობადი ოკუპაციის პერიოდში რა ირღვევა და ეს მუხლი უფრო აქტიურად იქნება განხილული მეორე საჩივრის ფარგლებში, რადგან უშუალოდ აქტიური საბრძოლო მოქმედებების პერიოდში განათლება მაინცდამიანც წინ წამოწეული არ ყოფილა, უფრო სერიოზული უფლებები იყო წამება, სიცოცხლის უფლება, საკუთრება“, – განაცხადა ძამაშვილმა.

კითხვაზე, რამდენი იქნება კომპენსაციის ოდენობა, რასაც საქართველო მიიღებს, ბექა ძამაშვილმა უპასუხა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ გადაწყდება, იქამდე კი საქართველომ აგვისტოს ომის შედეგად მიღებულ ზიანზე ინფორმაცია უნდა აღრიცხოს და სასამართლოს წარუდგინოს.

„ერთი წელი იმიტომ მოგვცა სასამართლომ, რომ როდესაც ამდენი დაზარალებულია, ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში მოგვიწევს ტიტანური შრომის გაწევა, რათა აღვრიცხოთ თითოეული ზიანი, დარღვეული მუხლების მიხედვით, აღირიცხოს და წარედგინოს სასამართლოს. საკუთარ პოზიციებს წარადგენს რუსეთიც და შემდეგ უკვე სასამართლო მიღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ ეს გვეცოდინება ერთი წლის თავზე, როდესაც ეს სამუშაოები ჩატარდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.