ბექა დავითულიანი - ყოველ დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს ვერ დანიშნავს
ბექა დავითულიანი - ყოველ დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს ვერ დანიშნავს

ყოველ დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს ვერ დანიშნავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, ხოლო 2022 წელს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

დავითულიანის თქმით, ხელისუფლებისთვის ეს მიუღებელი პოზიციაა.

„ვადამდელი არჩევნები სიახლე არ არის, ისინი თავიდანვე ამას ითხოვდნენ და ეს არის ჩვენთვის მიუღებელი პოზიცია, რადგან ყოველ დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს ვერ დანიშნავს. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, შემოვიდნენ სამუშაო ჯგუფში და საარჩევნო რეფორმების განხილვის პროცესში განვიხილავთ ნებისმიერ წინადადებას“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებს, რადგან არ აქვს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები.

„ოპოზიციის მიზანია პროცესების რადიკალიზაცია. ისინი ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ არჩევნებში სისტემურად ხდებოდა მიზანმიმართული ხარვეზები. ჩვენი მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შემობრძანდნენ საგამოძიებო კომისიაში და თუ დაამტკიცებენ, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი სარგებელი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მიზანმიმართულად დაირღვა საარჩევნო პროცედურები, სრული მზადყოფნა გვაქვს, გავყვეთ ყველაფერზე, რასაც აქამდე ითხოვდნენ. ამას არ აკეთებენ, რადგან ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, დარჩებიან იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც აირჩიეს ყოფნა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.