ბექა დავითულიანი - ვიმედოვნებ, შეთავაზების შემდეგ სააკაშვილი პირობას შეასრულებს, ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი
ბექა დავითულიანი - ვიმედოვნებ, შეთავაზების შემდეგ სააკაშვილი პირობას შეასრულებს, ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე შეთავაზების შემდეგ მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ.

დავითულიანი ასევე იმედოვნებს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილიც შეასრულებს პირობას და შეწყვეტს შიმშილობას.

„პენიტენციური დაწესებულება პატიმრის გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას ორი კომპონენტით იღებს, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. პენიტენციურმა სისტემამ განაცხადა, რომ ვინაიდან პატიმარი შიმშილობას არ წყვეტს ციხის დაწესებულებაში, ალტერნატივა საპატიმრო დაწესებულების მიღმა, სადაც უსაფრთხოება იქნება დაცული და ყველა პირობაა, არის მრავალპროფილური კლინიკა.

იმედი მაქვს, ამ შეთავაზების შემდეგ, მოშიმშილე დეპუტატები შიმშილობას შეწყვეტენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილი თავის პირობას შეასრულებს და შიმშილობას შეწყვეტს. სააკაშვილს არჩევანი, სად იმკურნალოს, არ აქვს, ის უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო სერვისებით ციხის დაწესებულებაშიც, მაგრამ მას ალტერნატივის სახით შესთავაზეს არასაპატიმრო სამკურნალო დაწესებულება. ახლა მას შეუძლია, დაასრულოს ეს სიგიჟე და აბსურდი, ან თქვას, რომ ელენე ხოშტარიასა და მისი თანაგუნდელების ჯანმრთელობა, სიცოცხლე ემეტება, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.