ბექა დავითულიანი - ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა, სხვაგვარ ახსნას ვერ ვუძებნი
ბექა დავითულიანი - ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა, სხვაგვარ ახსნას ვერ ვუძებნი

ვფიქრობ, პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიუსელში დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.

„არ შეიძლება, მედიის მთავარი ინკვიზიტორების: მიხეილ სააკაშვილის, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ნიკა გვარამიას, რომელმაც პირდაპირ თქვა, „იმედი“ სარედაქციო პოლიტიკის გამო დავხურეთო და კეზერაშვილის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მაშინდელი რეჟიმის მთავარი დამფინანსებელი იყო, რომელიც მედიას დევნიდა – მათი დაცვის ჭრილში მოხსენიება და ბიძინა ივანიშვილის კი, რომელმაც მედია სივრცე მათგან გაათავისუფლა, ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას დაუბრუნა შანსი და განავითარა, მისი ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება. ნამდვილად შეუძლებელი აბსურდია! თუმცა, ვინაიდან მოხდა და ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასე ჩაიწერა, ალბათ, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ეს არ შეიძლება ბარიერად იქცეს კანდიდატის მინიჭების გზაზე.

ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნას მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, – განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დღეს განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა: „არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების ევროპული მომავალი არ დავიცვა, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“. მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს.