ბექა დავითულიანი - უნდა ვეცადოთ, ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი კომპრომისებითა და მოლაპარაკებით დავძლიოთ
ბექა დავითულიანი - უნდა ვეცადოთ, ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი კომპრომისებითა და მოლაპარაკებით დავძლიოთ

კრიზისი არის, თუმცა ის ობიექტურ ფაქტორებს არ ეყრდნობა და არის ხელოვნურად გამოწვეული, მაგრამ ეს ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი უნდა ვეცადოთ, რომ დავძლიოთ კომპრომისებითა და მოლაპარაკებით​, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი.

„ეუთო/ოდირი გვეუბნება, რომ ეს არჩევნები არ იყო სისტემურად გაყალბებული. პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ – შედით პარლამენტში, ოპოზიცია კი ამბობს – მხოლოდ იმიტომ, რომ მე პარლამენტში არ შემოვდივარ, დანიშნეთ ახალი არჩევნები. კრიზისი არის, თუმცა ეს კრიზისი ობიექტურ ფაქტორებს არ ეყრდნობა და არის ხელოვნურად გამოწვეული. თუმცა, ეს ხელოვნურად გამოწვეული კრიზისი უნდა ვეცადოთ, რომ დავძლიოთ კომპრომისებით და მოლაპარაკებით. ეს კომპრომისი რა შედეგს გამოიტანს და სადამდე მივალთ, მოლაპარაკების თანახმად ვნახავთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ შევიდა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია მთელი მსოფლიოს მოწოდებებს არ დაჰყვება, ის მარგინალიზდება დასავლეთის თვალში და მარგინალიზდება საკუთარი ამომრჩევლის თვალში, „რაც დიდწილად, უკვე მოხდა კიდეც“. 

„იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ შევიდა, პარლამენტი განაგრძობს მუშაობას, დანიშნავს თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც ხალხი ნებას გამოხატავს; გამოჩნდება, სად როგორი განწყობებია და ვიმოქმედებთ ჩვენი გეგმის თანახმად, აი, ამ გზით“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, სასურველია, პარლამენტი იმ სურათს ასახავდეს, რა არჩევანიც ხალხმა გააკეთა, მაგრამ ხელისუფლება ვერ გამოასწორებს იმას, რისი გამოსწორების ბერკეტიც მის ხელში არ არის.

„არის ახალი კონსტიტუცია და თუ პირველივე არჩევნებზე დაუშვებ, რომ ყოველგვარი ობიექტური მოცემულობის გარეშე ადგე და ახალი არჩევნები დანიშნო, ეს ძალიან მძიმე იქნება ამ ახალი კონსტიტუციისთვის“, – განაცხადა დავითულიანმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ობიექტური და სამართლიანი კომპრომისები შესთავაზა.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ სამართლიანი კომპრომისები და იმედი გვაქვს, ოპოზიცია ამ სამართლიან კომპრომისებში გამოგვყვება. ოპოზიციას აქვს შეთავაზება – მოდით, ამ პირობებზე გამოგვყევით, არარეალისტურ ულტიმატუმს ნუ დადებთ და თუ ამ სამართლიან პირობებზე გამოგვყვებით, ჩვენი მხრიდანაც დათმობა გამოვა და თქვენი მხრიდანაც. იმედი მაქვს, ეს ასეც მოხდება“, – განაცხადა დავითულიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ვიოლა ფონ კრამონს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას რაღაცაში ამუხრუჭებენ და ხელს უშლიან, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადი საკუთარი ნებით, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე გააკეთა, იმის იმედად, რომ ქვეყანაში სტაბილური, მრავალპარტიული პოლიტიკური გარემო იქნებოდა და მას ექნებოდა შესაძლებლობა, მისი მასშტაბური ავტორიტეტით ახალი პოლიტიკური პროცესების და შესაძლო ახალი მიმართულებების დათრგუნვა არ მოეხდინა.

შეკითხვაზე, მიუთითებს თუ არა გახარიას გადადგომისთანავე ჭრელ გუნდში კონსულტაციების ბლიც-ტურის შემდეგ პრემიერობის კანდიდატად ღარიბაშვილის დაყენება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, დავითულიანმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა აირჩია ისეთი პრემიერი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გამოხატულ უხეშ გამოწვევას პროპორციული ძალისხმევით უპასუხებდა.

„ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა და პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მეორე მხარემ, იმის ნაცვლად, რომ ეს მიეღო, როგორც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კეთილშობილი ჟესტი, ეს ნაბიჯი დაინახა, როგორც შანსი, გააქტიურდა და იფიქრა, რომ პირიქით, ახლა ამ ადგილს რამენაირად დაიჭერს. „ქართულმა ოცნებამ“ ამას უპასუხა მოქმედებებით, რათა ეს მოეგერიებინა. ძალიან ჭრელ გუნდში პრემიერი ავირჩიეთ ისე და იმ ტიპის, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ამ უხეშ გამოწვევას პროპორციული ძალისხმევით უპასუხებდა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.