ბექა დავითულიანი - უკრაინის მხრიდან მძიმე ბრალდებას დამადასტურებელი ფაქტები, განმარტება ან ბოდიში უნდა მოჰყვეს
ბექა დავითულიანი - უკრაინის მხრიდან მძიმე ბრალდებას დამადასტურებელი ფაქტები, განმარტება ან ბოდიში უნდა მოჰყვეს

ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული შეფასებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებდი, მაგრამ როცა მეგობარი ქვეყანა ჰაერიდან მოტანილ მძიმე და პროვოკაციულ ბრალდებას გიყენებს, ეს არის წითელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვით „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

დავითულიანის თქმით, ასეთ ბრალდებებს დამადასტურებელი ფაქტები, განმარტება ან ბოდიში უნდა მოჰყვეს.

ამასთან, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟოები კარგად კონტროლდება.

„ასეთი მძიმე ბრალდების გაჟღერებას უნდა მოჰყვეს დამადასტურებელი ფაქტები, ან ბოდიში და განმარტება, რატომ წავიდნენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებაზე. ერთს ან მეორეს ველოდებით. რაც შეეხება ტვირთების კონტროლს, საქართველოს საბაჟოები კონტროლდება ძალიან კარგად. ტვირთი შემოსვლისას აღირიცხება შესაბამისი პროგრამებით, რომელიც აღიჭურვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად და იდეალურად განხორციელებული პროექტია. უკრაინის მთავრობას ეს ინფორმაცია ჰაერიდან მოტანილი თუ არ აქვს, მაშინ მოიტანოს, დადოს დოკუმენტი ან ბოდიში მოიხადონ. რომ დამაბრალოთ სპილო ვარ, ვერ დაგიწყებთ მტკიცებას, რომ სპილო არ ვარ. ეს ისეთი ზღვარია, რომლის შემდეგ თავის შეკავება არ შეიძლება.

ძალიან მინდა, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს და ვინც ჩვენ მიმართ ბრალდებებს აჟღერებს, ეს ადამიანები გამარჯვების ზეიმში ვიხილო, მაგრამ ჩვენთან მიმართებით ამ ყველაფერს ვერ გავატარებთ. თუ რაიმე საბუთს დადებენ, მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მათი მხრიდან ერთგვარი უკან დახევა ვიხილეთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამის უკან არაფერი იყო. „ფორმულას“ სიუჟეტი ვნახეთ, თითქოს სამხედრო მანქანები რუსეთში საქართველოს გავლით გადიოდნენ და პირიქით აღმოჩნდა. თურმე ჩვეულებრივი სატვირთო მანქანები ვლადიკავკაზიდან სომხეთში მიდიოდა. ასეთ პროვოკაციებს, აქედან მეხუთე კოლონა რომ ამყარებს და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, ვიდრე ასეთ სისულეებს დააბრეხვებენ, ჭკუა დააყოლონ. მეგობარ ქვეყნებს შორის ასეთი ბრალდებების გაჟღერება არ შეიძლება, მით უმეტეს, იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ყველაფერს აკეთებს როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე და ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ბექა დავითულაინმა.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო სამქეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც, სადაც მან აღნიშნა: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.