ბექა დავითულიანი - თბილისის მასშტაბით კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს, ნიკამ მელიამ გაარკვია რაღაც უბნები, სადაც ის აგებს, მოვიდა და დაიწყო შოუს დადგმა
თბილისის მასშტაბით კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს, ნიკამ მელიამ გაარკვია რაღაც უბნები, სადაც ის აგებს, მოვიდა და დაიწყო შოუს დადგმა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ვაზისუბანში ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.
დავითულიანის თქმით, ყველა უბანზე, სადაც პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან, იქნება რეაგირება.
„ყველაფერი არის მარტივად. თბილისის მასშტაბით კახა კალაძე იმარჯვებს დამაჯერებლად. საღამოს, როგორც ჩვევია ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიკამ მელიამ გაარკვია რაღაც უბნების მისამართი, სადაც ის აგებს. ამოვიდა ვაზისუბანში, მივიდა ერთ უბანზე. იქ არაფერი არ მოხდა. მეორე უბანზე მოკლე ჩართვის გამო, როგორც ამბობენ, ჩაქრა შუქი ერთ ოთახში. ამის გამო მოვარდა, დაიწყო აქ შოუს დადგმა და არეულობის მცდელობა. მოვედით, ავუხსენით, რომ უნდა ვაცადოთ მუშაობა ადმინისტრაციას, რადგან თუნდაც ეს ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინონ. ამას მოჰყვა წიხლების ქნევა არა ნიკა მელიას მხრიდან, ნიკა მელია ხომ ვითომ მშვიდად საუბრობდა, გვერდიდან, ვიღაც მისი თანამზრახველების მხრიდან წიხლების ქნევა და ჩუმად შეურაცხყოფების მოყენება, რასაც მოჰყვა მეორე მხრიდანაც მერე შეძახილები და გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ეს არის და ეს.
შემდეგ ჩვენ მოვუწოდეთ პოლიციას, რომ 100-მეტრიანი რადიუსის დაცვა აიძულონ, თუ არ დაიცავენ. მოვუწოდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მელიასაც, რომ დაეცვა კანონი და 100-მეტრიანი დისტანცია. ჩვენ გამოვიწივეთ და გადმოვედით. მერე პოლიციამ გაწია ისინიც. ეს არის და ეს.
ჩემი მოსვლის მიზეზი იყო მარტივი, რადგან ადგილზე ნიკა მელია რომ მოვიდა და პროვოცირებას შეეცადა, მოვედით იმისთვის, რომ ჩვენი თანაგუნდელები, ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციაში ზეგავლენა არ მოეხდინათ, ხელი არ შეეშალათ მათთვის მუშაობაში.
ყველა უბანზე, სადაც ესენი პროვოკაციების მოწყობას შეეცდებიან, ყველა უბანზე გვექნება რეაგირება, რომ არ მივცეთ საშუალება, სადმე ჩაშალონ სამუშაო პროცესი, რადგან ეს დღეს და ამ საღამოს მათი ერთადერთი ამოცანაა“, – განაცხადა დავითულიანმა.
თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები იმყოფებიან, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.