ბექა დავითულიანი - შევასრულებთ ევროკომისიის მოთხოვნებს, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, აქციაზე გამოსული ადამიანებიც სწორედ ამას ითხოვდნენ
ბექა დავითულიანი - შევასრულებთ ევროკომისიის მოთხოვნებს, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, აქციაზე გამოსული ადამიანებიც სწორედ ამას ითხოვდნენ

საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი არის ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე და აქციაზე გასული იყვნენ ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის, პირადად ჩემი მეგობრები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროპის, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,  ბექა დავითულიანმა.

დავითულიანის თქმით, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რასაც ითხოვდნენ აქციაზე გამოსული ადამიანები.

„რა თქმა უნდა, ორგანიზატორები იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ადამიანები, თუმცა აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური და ისინიც, ყველა მიხვდა, რომ ბევრი პოლიტიკოსის იქ მისვლა მხოლოდ აქციის დისკრეტიდაციას ახდენდა. ამიტომ იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ და იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ადამიანები.

ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს, აქციაზე რას ითხოვენ ორგანიზატორები ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის მოთხოვნებს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, აქციაზე გამოსული ადამიანებიც სწორედ ამას ითხოვდნენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანმა ასევე კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები:

„რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას და აუცილებლობას მე ვერ ვხედავ, რამდენიც ოპოზიცია არჩევნებზე გავიდა, იმდენჯერ დამარცხდა. არსებობს კონსტიტუცია და არსებობს წესი და კანონი, რამდენი ვიღაცა მოინდომებს და დაიყვირებს რიგგარეშე არჩევნები უნდა, რადგან მერე ამ არჩევნებში წააგოს და თქვას, რომ გაყალბდა, ყველა ამ დაძახებაზე არჩევნებს ვერ ჩავატარებთ.

ორი წლის წინაც ერთადერთი გამოსავალი იყო რიგგარეშე არჩევნები, ოთხი წის წინაც და რვა წლის წინაც და ამ ყველა გამოსავალში აღმოჩნდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში არიან და როდემდე უნდა ვიაროთ ერთი და იგივე წრეზე?“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.