ბექა დავითულიანი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია, დათქმები იყო მოლდოვის, უკრაინის მიმართ და ალბათ იქნება ჩვენ მიმართაც, ეს ნორმალურია
ბექა დავითულიანი - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია, დათქმები იყო მოლდოვის, უკრაინის მიმართ და ალბათ იქნება ჩვენ მიმართაც, ეს ნორმალურია

საბედნიეროდ, სტატუსის მინიჭების შანსი, პერსპექტივა არსებითად გაზრდილია. მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპის საბჭო ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს სტატუსს მიანიჭებს, რაც დამსახურებაა როგორც ქვეყნისა და ხალხის მიერ განვლილი გზის, ასევე ხელისუფლების, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი ვარაუდობს, რომ საქართველოს სტატუსს გარკვეული დათქმებით მიანიჭებენ.

„ჩვენ როცა ვამბობდით, რომ შარშან სტატუსის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, განპირობებული იყო გეოპოლიტიკური მდგენელით, სტატუსი მიენიჭათ იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოზე ყველა კრიტერიუმით უკან იყვნენ, ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ვცდებოდით და სწორად არ ვიქცეოდით, რის გამოც სტატუსს არ გვანიჭებდნენ. ახლა, როცა სტატუსის მინიჭება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური ვითარების დამსახურებაა და არა – ხელისუფლების. ეს ხალხი ჩამოყალიბდეს. როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხს გეოპოლიტიკური მდგენელი აქვს, თუმცა პოლიტიკური მდგენელიცაა, რომელშიც ოპოზიციას პოზიტიური მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ყველა რეკომენდაცია, პრაქტიკულად, მხოლოდ ხელისუფლების მიერ შესრულდა და ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტში იყო. დათქმები იყო მოლდოვისა და უკრაინის მიმართ და ალბათ დათქმები იქნება ჩვენ მიმართაც. ვიდრე ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ გავხდებით, მანამდე რაღაც დათქმები იქნება, რაც სრულფასოვან წევრობას დაგვამსახურებინებს და ეს ნორმალურია. მთავარია, ამ არეულ მსოფლიოში ჩვენ სწორ გზაზე დგომა დაგვიდასტურონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.