ბექა დავითულიანი - ქართულ პოლიტიკურ ველზე რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და უარესია რადიკალური ოპოზიციისთვის
ბექა დავითულიანი - ქართულ პოლიტიკურ ველზე რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და უარესია რადიკალური ოპოზიციისთვის

ქართულ პოლიტიკურ ველზე რაც უფრო მეტი ჯანსაღი პოლიტიკური ძალა იქნება, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებულნი. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე.

„გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა. თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან მმართველი გუნდიდან წავიდა. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე. გიორგი გახარია იყო კარგი პრემიერ-მინისტრი, მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. თუ ის წარმატებით გააგრძელებს ოპოზიციის როლში საქმიანობას, ეს კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის. ვნახოთ, რას იზამს. ბევრი ადამიანია „ქართულ ოცნებაში“, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია ჯერჯერობით. ჯერჯერობით მისი პოლიტიკური ხედვები არ გვინახავს, არც მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის, ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა დავითულიანმა.