ბექა დავითულიანი - პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს
ბექა დავითულიანი - პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს

პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით, ერთია პენიტენციური სისტემა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, მეორეა თავად პატიმარი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და თავის თავს რისკის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

„ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა აიღოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დამნაშავემ სასჯელი უნდა მოიხადოს. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამის ღონისძიებას პენიტენციური სამსახური გაატარებს. სამოქალქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა, რომ შიმშილობის ორი ათასი ფაქტი აქვს ნამკურნალევი და მართული, აქვს გამოცდილება და პატიმარ სააკაშვილს უკეთ უმკურნალებს, ვიდრე სამოქალაქო კლინიკა. პენიტენციური კლინიკა ამას პროტოკოლით უნდა აკეთებდეს და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე. ეჭვქვეშ იმას კი არ ვაყენებდით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება დამძიმებულიყო, ეჭვქვეშ ვაყენებდით იმას, რომ სამოქალაქო კლინიკას უფრო მეტი გამოცდილება აქვს მოშიმშილე პატიმრის მართვის, ვიდრე პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებას. შიმშილობა რომ გაეგრძელებინა, ეს შედეგი შეიძლება სამოქალაქო კლინიკაშიც დამდგარიყო, ამიტომ, უნდა ვუმკურნალოთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. ბასილაიას თქმით, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.