ბექა დავითულიანი - ოპოზიციის დაანონსებული კამპანია კანონის ჩარჩოებს თუ გასცდება, რეაგირება იქნება მკაცრი და კანონის შესაბამისი
ბექა დავითულიანი - ოპოზიციის დაანონსებული კამპანია კანონის ჩარჩოებს თუ გასცდება, რეაგირება იქნება მკაცრი და კანონის შესაბამისი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული კამპანია კანონის ჩარჩოებს თუ გასცდება, რეაგირება მკაცრი და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისი იქნება.

„თუ ამას არ გასცდება, თავისი არსით და ხასიათით, ეს მაინც არის ანტიდემოკრატიული ქმედება, რადგან ხალხს აქვს ოთხ წელიწადში ერთი დღე, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მათ არჩევანი ვერ გააკეთონ, ამაში ხელი შეუშალონ. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი ძალადობრივი გზით ცდილობენ, წაართვან ხალხს არჩევანის უფლება და მიიტაცონ საბოლოო ჯამში ხელისუფლება. მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, ვინმე მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს, დაფიქსირებულია ყველა საარჩევნო სუბიექტი, ვინც მონაწილეობდა პირველ ტურში და შესაბამისი შედეგით გადავიდა მეორე ტურში. აქედან გამომდინარე, შესაბამისი არჩევანი არ უნდა შევუზღუდოთ და ამისი უფლება არავის აქვს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციის უარს, დავითულიანის თქმით, სასურველია, პარლამენტი მრავალპარტიული იყოს და ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა.

„არ აქვს მნიშვნელობა, ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ. სასურველია, შემოვიდნენ, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, სისტემის ცვლილებამ შეგვაძლებინა, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა ოპოზიცია, იმ ერთი რადიკალური პლატფორმის მეშვეობით, ამ შანსზე ჯერჯერობით უარს ამბობს. ვნახოთ, მთავარია მეორე ტურებზე არ მოხდეს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანისთვის ხელის შეშლა, რადგან ეს მართლაც სცდება ყოველგვარ ჩარჩოებს. ეს არის მათი ტაქტიკა.

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, თვითონაც არ არიან  ბოლომდე ჩამოყალიბებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, მეორე ტურებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ეს არის მათი ტაქტიკა, თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამისთვის ემზადებიან და თუ არ მიიღებენ, ეცდებიან აჩვენონ, რომ მონაწილეობაც არ მიგვიღია და აი, მაინც შევძელით მმართველი გუნდის კანდიდატზე მეტი მხარდაჭერის მიღება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დაანონსებულ სირცხვილის კორიდორებს კი დავითულიანი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებად აფასებს.

„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ განხორციელდეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება, ვიღაცამ ვერ შეძლოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გაკეთება, არ მივიდეს, მოერიდოს კონფლიქტს, დაძაბულობას, და ვითომ სირცხვილის კორიდორებში გავლას. მეორე მხრივ, მისულ ადამიანზე მოხდეს ზემოქმედება – რატომ მიდიხარ, როცა მე არ ვმონაწილეობ. ანუ, ხელი შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.