ბექა დავითულიანი - მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი მცდელობების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ წაიღო უკან და პარლამენტში შემოვიდა
ბექა დავითულიანი - მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი მცდელობების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ წაიღო უკან და პარლამენტში შემოვიდა

მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი მცდელობების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სიტყვები კიდევ ერთხელ წაიღო უკან და პარლამენტში შემოვიდა, –  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მართალია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა განცხადებების ნაწილზე დასწრება, თუმცა მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას, მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის ექვსთვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობების შემდეგ, დაყარეს ფარ-ხმალი, თავიანთი სიტყვები კიდევ ერთხელ უკან წაიღეს და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რომ მათ მსგავსად აზროვნებდეს, პროცესები სულ სხვაგვარად წავიდოდა, თუმცა ასე არ ხდება და „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას მიესალმებიან.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე მოუწევს პოზიციის შეცვლა შარლ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში და ხელს მოაწერს მას.

„წარმოვიდგინე, ჩვენ რომ მათი მსგავსი მორალური და კულტურული კატეგორიებით ვაზროვნებდეთ, რა საზვერეების გავლა მოუწევდათ ამ გადაწყვეტილებამდე: ალბათ, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდნენ გამოცხადებული რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად იმის გამო, რომ ქვეყანა ამ ისედაც მძიმე პანდემიურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ექვსი თვე სრულიად უმიზეზოდ აჯანჯღარეს და დღეს სწორედ იმ სავარძლებში სხდებიან, რომელში ჩაჯდომაც ქვეყნის ღალატად ჰქონდათ გამოცხადებული. მათ აგენტურულ საქმიანობაზე უკვე გასული იქნებოდა პროკურატურის მიერ დასპონსორებული მხატვრული ფილმები, რომელშიც ყველა სიტყვა იქნებოდა გადაბმული და დამონტაჟებული, რაც კი ცხოვრების განმავლობაში რუსულ ენაზე უთქვამთ; შალვა ნათელაშვილი უკვე დაბარებული იქნებოდა პროკურატურაში დაკითხვაზე და თავის პოლიტიკურ ნებას ძალიან მგზნებარედ და მარტივად გადაუფორმებდა მმართველ ძალას; რაღაც სიკეთეც იქნებოდა ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილსაც არ მოუწევდა რამდენიმე თვე პატიმრობაში ყოფნა, რადგან ერთ ღამეში გადაწყვეტდა აღიარებითი ჩვენების მიცემას, რომ მანჯურიის აგენტია და თავის სიგარეტზე მეტ ბოლს თავისი აღიარებითი ჩვენებით დააყენებდა; მათი აქტივისტებით გადაიჭედებოდა საპატიმროები; მათი ახლობლები დატოვებდნენ სამსახურებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მათ დამფინანსებლებს, პარტიის დაფინანსების კი არა, საჭმლის ფული აღარ ექნებოდათ; მათ ტელევიზიებში ჟურნალისტების ნაცვლად სპეცრაზმელები ისხდებოდნენ; დღეს, აქ შემოსულ თითოეულ მათგანს, კარებში დახვდებოდა, მათი ჰიტლერ იუგენდების მსგავსი ახალგაზრდა აქტივისტების დაჯგუფება და ნაგვის ურნის გვირგვინით დააჯილდოვებდნენ, როგორც თვითონ იქცევიან, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჩვენ თქვენსავით არ ვაზროვნებთ და არ ვიქცევით, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი ასე არ ხდება, ამიტომ კიდევ ერთხელ მივესალმები მათ ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასევე მოუწევთ პოზიციის შეცვლა და მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, პრინციპით იმოქმედებენ, რადგან მართლა ასე ჯობია თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.