ბექა დავითულიანი - მისასალმებელია, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმომადგენელს აგზავნის მედიაციისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის
ბექა დავითულიანი - მისასალმებელია, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმომადგენელს აგზავნის მედიაციისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მისასალმებელია, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის წარმომადგენელს აგზავნის მედიაციისთვის.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიალოგისთვის მზადაა.

„დარწმუნებული ვართ, რომ დიალოგს შედეგი მოჰყვება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს. ამის მზაობა ოპოზიციას თუ არ აქვს, მაგიდასთან დაჯდომა მაინც მოუწევს, მოლაპარაკება და კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლა მოგვიწევს, ვინაიდან ის სიტუაცია და დესტრუქციის მცდელობები, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ამ ქვეყანას კარგს არ მოუტანს. ამიტომ ყველამ უნდა დავიწყოთ საუბარი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.

ევროპული საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და დიალოგით დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დანიელსონი ​მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით.