ბექა დავითულიანი - არ უნდა ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, უარი თქვეს, რაც ფაქტია
ბექა დავითულიანი - არ უნდა ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, უარი თქვეს, რაც ფაქტია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების საჩივრების უმეტესობა დასაბუთებული არ არის.

მისივე განმარტებით, გადაითვალა 40 უბანი, თუმცა შედეგი არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე.

„ხალხმა ამ მძიმე პანდემიის პირობებში გამოხატა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. ოპოზიცია გამოვიდა და თქვა, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის მტკიცებულებები ბევრი არ მოუტანია. ჩემმა კოლეგამ დეტალურად გაიარა ის მტკიცებულებები, რომლებზეც საუბრობენ.

საჩივრების უმეტესობა არ არის არგუმენტირებული, დასაბუთებული. რაც იყო დასაბუთებული, იქიდან 40 უბანი გადაითვალა და შედეგი აბსოლუტურად არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა საერთო სურათზე. მეტიც – იქ ხელისუფლების სასარგებლოდ დაშვებული სპეციალური შეცდომების არანაირი კვალი არ იყო, პირიქით – ხელახალი გადათვლით, ხელისუფლებას  მცირედით მოემატა მხარდაჭერა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომ გადაითვალოს 1500-ვე უბანი, რასთან დაკავშირებითაც შეკითხვა ისმის, ოპოზიცია არ თანხმდება და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

„ამ ფონზე ჩვენი შეთავაზება იყო – მოდით, ხალხო, რაზეც კი ვსაუბრობთ, ყველაფერი გადავთვალოთ, 1 500 უბანი. ხალხმა არჩევანი ხომ დააფიქსირა, მოდით, ახლა დავთვალოთ, რა უნდა საქართველოს მოსახლეობას, ვინც არის ხელისუფლების წყარო.

ამაზე ვიღებთ უარს და გვეუბნებიან, რომ ეს უნდა იყოს ხელახალი არჩევნები. არა, ასე არ გამოვა. ისინი იმდენჯერ მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ვიდრე თვითონ ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. არ უნდა ამ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, უარი თქვეს და ეს არის ფაქტი. თუ არ უთქვამთ უარი, მოდით, მაშინ გადავთვალოთ. ვადამდელი  და ხელახალი არჩევნები დღეს ერთი და იგივეა. სამართლებრივად განსხვავება, შესაძლოა, არის, მაგრამ ფაქტობრივად ერთი მოცემულობაა. ვადამდელი შეიძლება იყოს სამი წლის მერეც“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.