ბექა დავითულიანი - ჩვენ და პრეზიდენტი ვერთიანდებით, რომ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, არაობიექტური კრიტიკის გატარება ზოგ შემთხვევაში ამ მიზანს დააზიანებს
ბექა დავითულიანი - ჩვენ და პრეზიდენტი ვერთიანდებით, რომ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, არაობიექტური კრიტიკის გატარება ზოგ შემთხვევაში ამ მიზანს დააზიანებს

ევროპარლამენტარი კონკრეტულ ჩვენს ქმედებას, ჩვენი აზრით, არაობიექტურად როცა აფასებს, ვპასუხობთ, ისეთივე ტონალობაში, როგორც გვაკრიტიკებს და ამაში არადემოკრატიული რა არის? ვინმე თუ ქართველ პოლიტიკოსს ლანძღავს, მასაც აქვს უფლება, პასუხი დაუბრუნოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განუცხადა.

ბექა დავითულიანმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ევროპარლამეტარებსა და ზოგადად ევროპაზე გაუგებარი განცხადებები კეთდება. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა დაპირისპირებად არ მიაჩნია.

„როგორც გავიგე, პრეზიდენტი ამბობს, რომ არ შეიძლება, დასავლელ პოლიტიკოსებთან ამ ფორმატში კრიტიკა თუ კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ვიღაცის ლექსიკა, ვიღაცის არა და შეიძლება, რომელიმე ჩვენგანის გამონათქვამი იმსახურებდეს რაღაც თვალსაზრისით კრიტიკას ტერმინოლოგიაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველო იღწვის დემოკრატიული სამყაროსკენ, რადგან იქ არის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება და თუ ჩათვლი, რომ არასწორად გაკრიტიკებენ, შეგიძლია, მათ მოსაზრებას უპასუხო კრიტიკით და იმ ტონალობაში, როგორც მოგმართავენ. ამიტომ ვილტვით ამ სამყაროსკენ და არა კრემლისკენ, სადაც იგივენაირი შეფასების გაკეთება არ შეიძლება, რაც კრემლიდან მოდის. ვინაიდან, ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირში და გვინდა ევროკავშირში, კრიტიკულ შეფასებაზე კრიტიკული პასუხის უფლება გაგვაჩნია. როცა ევროპარლამენტარი კონკრეტულ ჩვენს ქმედებას ჩვენი აზრით არაობიექტურად აფასებს, ვპასუხობთ, ისეთივე ტონალობაში, როგორც გვაკრიტიკებს და ამაში არადემოკრატიული რა არის?“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, ვინმე თუ ქართველ პოლიტიკოსს ლანძღავს, მასაც აქვს უფლება, პასუხი დაუბრუნოს, დემოკრატიული სამყარო ამ უფლებებს ცნობს.

„დემოკრატიული სამყარო ამ უფლებებს ცნობს, არადემოკრატიული სამყაროს წევრობა არ გვინდა. დამოკიდებულება – უკეთ სჯობდა ტონალობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთ სჯობს. არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი, რომელიც განყენებული ინსტიტუტის ხელმძღვანელია, მისი მხრიდან კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა დაპირისპირებად. დემოკრატიული სამყაროს წევრობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მხარდამჭერმა და ჩვენი სიმპათიით მოსარგებლე ადამიანმაც შეიძლება, გაგვაკრიტიკოს, თუ ეს სწორად მიაჩნია. როცა მისი საქციელი არ მომეწონება, მეც გავაკრიტიკებ, ეს ჩვეულებრივია და მტრები კი არ ვართ. ამ ქვეყნისთვის ყველა ჩვენსას ვაკეთებთ და შეიძლება რაღაც განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, ჩვენს გუნდშიც სხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ძირითადზე ვერთიანდებით. ჩვენ და პრეზიდენტი ვერთიანდებით იმაზე, რომ გვინდა, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც ილტვის ევროკავშირისკენ და მისი წევრობა სურს. ამას როგორ მივაღწევთ, თუ პრეზიდენტი იტყვის, რომ აქ შეიძლება რბილი ტონი სჯობს, ეს მისი მოსაზრებაა, ჩვენ ვთქვით, როცა არაობიექტური კრიტიკა იქნება, ზოგ შემთხვევაში იმის გატარება არ შეიძლება, რადგან ამ მიზანს დააზიანებს. ეს არის როგორ და არა – რა, პრეზიდენტი და ჩვენ რაზე მორიგებული ვართ, რადგან არსი და სურვილი ერთია“, – განაცხადა დეპუტატმა.

დავითულიანი აქვე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ნიკა გვარამიას დაკება არ იყო პოლიტიკურად დროული. დეპუტატის თქმით, მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება გვარამიას, პოლიტიკური თვალსაზრისით ის, რომ სასურველი არ იყო, ამაში არაფერია სიახლე, მაგრამ მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზანშეწონილობით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას და ეს ყველასთვის გასაგებია. სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობით რომ მიეღო ან არა, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში პოლიტიკური ჩარევა მოხდებოდა, რასაც სწორედ გვიკრძალავს ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ბექა დაითულიანმა.