ბექა ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - „ლეიმა ბასკეტმა“ „კასტელო“ დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო ლიგაში, „ლებ ოროში“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა გათამაშების ბოლოსწინა ტურში „კასტელო“ 95:82 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბურჯანაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამ მომენტისთვის „ლეიმა ბასკეტს“ 26 მოგება და 8 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი „ლებ ოროში“ პირველ ადგილზეა. ესპანეთის უმაღლეს ლიგაში პირდაპირი გზით მხოლოდ ჩემპიონატის გამარჯვებული გადადის, ამიტომ ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ლეიმა ბასკეტი“ მომდევნო სეზონში საუკეთესოთა შორის ითამაშებს.
ბურჯანაძის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 10 მაისს საკუთარ მოედანზე „ესტუდიანტესთან“ გამართავს.