ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაიწყო
ოპოზიციის 31 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით არის დაწყებული, – ამის შესახებ გამოკითხვაზე დაბარებული რაფიკ ორუჯოვის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორუჯოვმა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
ბასილაიას თქმით, გამოძიება, რომელიც სსსკ-ის 315-ე მუხლით დაიწყო, აბსურდულია, რადგან ძიების ერთ-ერთი მიზეზი ორუჯოვის ავტომობილიდან ამოღებული ელექტროშოკია; შესაბამისად, ადვოკატის თქმით, სუს-ში ჩვენება არ მისცეს.
ამასთან, ბექა ბასილაიას თქმით, გამოძიებას საფუძვლად უდევს სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის 30 ოქტომბრის განცხადება, რომლის მიხედვით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ არსებობდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ელექტროშოკებითა და სხვადასხვა ნივთებით პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ საგამოძიებო მუხლს, რომლის ფარგლებშიც დღეს ერთი პირი გამოკითხვაზე დაიბარეს.