ბენზემა „ოქროს ბურთის“ მეხუთე ფრანგი ლაურეატია - ფრანგი ფეხბურთელის ტრიუმფის ფაქტები #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის თეატრ „შატლეში“ ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ შეაჯამა 2021-22 წლის საფეხბურთო სეზონი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი გამოავლინა. საღამოს ტრიუმფატორი გახდა „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელმაც კარიერაში პირველად მოიპოვა „ოქროს ბურთი“.
ფაქტები
* ბენზემა მეხუთე ფრანგი ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მანამდე ეს ჯილდო დაისაკუთრეს – რაიმონ კოპამ (1958), მიშელ პლატინიმ (1983, 1984, 1985), ჟან-პიერ პაპენმა (1991) და ზინედინ ზიდანმა (1998).
* „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე ძირითადი პრიზები „რეალისა“ და „ბარსელონას“ წარმომადგენლებმა მოიგეს. „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა მამაკაცებს შორის, „ბარსელონას“ შემტევი ალექსია პუტელიასი – ქალებს შორის. „ბარსელონას“ ნახევარმცველი გავი საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელი გახდა, „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა საუკეთესი მეკარედ დასახელდა, საუკეთესო ფორვარდია „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.
* 34 წლისა და 10 თვის ქარიმ ბენზემა „ოქროს ბურთის“ ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა 1956 წლის შემდეგ. მაშინ ისტორიაში პირველი „ოქროს ბურთი“ ინგლისელმა სტენლი მეტიუზმა 41 წლის ასაკში მოიგო.
* ბენზემა „რეალის“ მერვე ფეხბურთელია, ვინც „ოქროს ბურთი“ მიიღო. მანამდე ამ გუნდიდან ეს პრიზი მოიგეს: ალფრედო დი სტეფანომ (1957, 1959), რაიმონ კოპამ (1958), ლუიშ ფიგუმ (2000), რონალდომ (2002), ფაბიო კანავარომ (2006), კრიშტიანო რონალდომ (2016, 2017) და ლუკა მოდრიჩმა (2018).