ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია აკრიტიკებს ბენი განცის სექტემბერში არჩევნების ჩატარების მოწოდებას და ამბობს, რომ მთავრობა ომის მიზნების მიღწევამდე დარჩება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ აკრიტიკებს ისრაელის ომის კაბინეტის წევრის, ბენი განცის სექტემბერში არჩევნების ჩატარების მოწოდებას და ამბობს, რომ მთავრობა ომის მიზნების მიღწევამდე დარჩება.
„ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ საბედისწერო მომენტში და ომის დროს ბენი განცმა უნდა შეწყვიტოს წვრილმან პოლიტიკაში მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პარტია იშლება. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად გამოიწვევს პარალიზებას ომში და განხეთქილებას საზოგადოებაში, გარდა ამისა, ზიანს მიაყენებს ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანს – შეჭრას რაფაჰში და საბედისწერო დარტყმას მიაყენებს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების შესრულების შანსებს“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ამასთან, ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ სექტემბერი არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან შორს არის და ამჟამინდელი მთავრობა გაცილებით ადრე უნდა შეიცვალოს.
„ეს მთავრობა უნდა დაბრუნდეს სახლში რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენ შევძლოთ დავაბრუნოთ მძევლები, დავაბრუნოთ ევაკუირებულები სახლში, დავამარცხოთ „ჰამასი“ და დავრწმუნდეთ, რომ ვიღაც იზრუნებს ისრაელის საშუალო ფენაზე“, – ნათქვამია ლაპიდის განცხადებაში.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა საჯარო ბრიფინგზე ღიად მოითხოვა სექტემბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.