ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კარანტინში გადასვლის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, პასუხი კი უარყოფითი იყო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი მრჩეველი კარანტინში გადავიდნენ. კარანტინის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ მრჩეველს კორონავირუსი დაუდგინდა. „კოვიდ-19“ ულტრაორთოდოქსულ საკითხებში პრემიერის მრჩეველს, რივკა პალუჩს დაუდასტურდა. მას ვირუსი სავარაუდოდ მეუღლისგან გადაედო.

ისრაელში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 347 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 15 ადამიანი შეეწირა. 132 ადამიანი კი უკვე გამოჯანმრთელდა.