ბენიამინ ნეთანიაჰუ - როგორც არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა
როგორც არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუმ მემორიალურ ცერემონიაზე ვიდეოგანცხადებაში აღნიშნა, რომ 7 ოქტომბერი ქვეყნისთვის ენით აღუწერელი მწუხარების დღე იყო, თუმცა ისრაელი არ დამარცხებულა.
„როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისრაელის ისტორიაში, სწორედ რთულ მომენტებში ჩნდება დიდი შინაგანი ძალა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად ერთიანობას გაუსვა ხაზი. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა მოახერხა უზარმაზარი სულიერი ძალის მობილიზება, განსაზღვრა ომის მიზნები და ამჟამად ახორციელებს მათ.
მისივე თქმით, ეს მიზნები მოიცავს „ჰამასის“ მმართველობის დასრულებას, ყველა მძევლის დაბრუნებას, ღაზიდან ისრაელისთვის მომავალი საფრთხის აღკვეთას, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მცხოვრებთა უსაფრთხოდ დაბრუნებას საკუთარ სახლებში.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი იბრძვის „სამყაროში სინათლის მოსატანად, როგორც ხალხი, რომელიც ცდილობს, გაავრცელოს სიკეთე და აღმოფხვრას ბოროტება“.
„ვიდრე მტერი ემუქრება ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის მშვიდობას – ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ვიდრე ღაზაში გატაცებულები არიან, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ არ დავთმობთ არც ერთ მათგანს. მე არ დავნებდები, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. 7 ოქტომბერი თაობებისთვის გახდება ჩვენი აღორძინების საფასურის სიმბოლო და გამოხატავს ჩვენი გადაწყვეტილების სიდიადესა და სულის სიძლიერეს. ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.